ალადაშვილი ალექსანდრე სტეფანეს ძე [17 (29). VI. 1876, სოფ. არბოშიკი, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი - 29. VI. 1950, თბილისი], თერაპევტი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1946). მედ. მეცნ. დოქტორი (1911), პროფესორი (1919), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1941).
თერაპიული სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში. 1904 დაამთავრა იურიევის (ტარტუ) უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. 1911 ხარკოვში დაიცვა სადოქტორი დისერტაცია თემაზე „ბორჯომის მინერალური წყლის ფიზიოლოგიური მოქმედების საკითხისათვის“. 1919 აირჩიეს სიმფეროპოლის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტის ფარმაკოლ. კათედრის გამგედ. 1919–21 განაგებდა თბილ. უნ-ტის სამკურნ. ფაკ-ტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრას. 1921 – 24 იყო სამკურნ. ფაკ-ტის დეკანი, 1921–50 – საფაკულტეტო თერაპიის კათედრის გამგე თავდაპირველად თსუ-ში, შემდეგ – სამედ. ინ-ტში). მრავალი წლის განმავლობაში იყო სამედ. ინ-ტის სამკურნ. ფაკ-ტის დეკანი და საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნ. საბჭოს თავ-რე (1937 – 50). ა. იყო საქართვ. თერაპევტთა საზ-ბის ერთ-ერთი დამაარსებელი და თავ-რე (1940 – 50). აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში კურორტოლოგიის, ტუბერკულოზისა და პროფ. დაავადებათა ინ-ტების, აგრეთვე სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს დაარსებაში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილ. II საავადმყოფოს, რ-საც შემდგომ მისი სახელი მიეკუთვნა. ა-ის მეცნ. ნაშრომები უმთავრესად ეხება საქართვ. საკურორტო რესურსებისა და ადგილ. ნედლეულისაგან დამზადებული პრეპარატების სამკურნ. მიზნით გამოყენების საკითხებს.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: რჩეული ნაშრომები, თბ., 1967; სუნთქვის ორგანოების სნეულებანი, თბ., 1938; სისხლის მიმოქცევის ორგანოთა სნეულებანი, თბ., 1942; კლინიკური რეცეპტები, გამოც. მე-9, თბ., 1959 (თანაავტ. ვ. ალადაშვილი).
ლიტ.: გერსამია ვ., ალექსანდრე სტეფანეს ძე ალადაშვილი, თბ., 1955.