აგურისა და ქვის წყობა, გარკვეული წესით განლაგებული და ურთიერთდაკავშირებული (ჩვეულებრივ, დუღაბით) აგურებისა და ქვების ერთობლიობა სხვადასხვა კონსტრუქციების ასაგებად (საძირკვლები, კედლები, სვეტები და სხვა).
წყობის (ნაწყობის) ფიზ.-მექან. თვისებები განპირობებულია გამოყენებული მასალის (ქვა, დუღაბი) თვისებებით, წყობის სახეობითა და შესრულების ხარისხით. წყობა შეიძლება იყოს ხელოვნური ან ბუნებრივი (თლილი ან ყორე ქვის), ზომის მიხედვით – წვრილქვიანი, მცირებლოკური, მსხვილბლოკური. სიმტკიცის გასაზრდელად წყობა (აგურის) შეიძლება დაარმატურდეს ლითონის ღეროებით ან ბადეებით. საქართველოში ძველთაგანვე შეიქმნა ქვის წყობის მაღალი კულტურა და წყობის ადგილ. სახეობანი: აგურის, ბუნებრივი ქვის, კირის დუღაბის გამოყენებით (ქვითკირი) ან დუღაბის გარეშე (მშრალი წყობა). უპირატესობა ეძლეოდა მშენებლობის რ-ნში გამოვლენილ ადგილ. საშენ ქვას (რიყის ქვა, ნატეხი, ფიქალი ან თლილი ქვა), რ-ის მოპოვება, დამუშავება და გადმოზიდვა ნაკლებ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. წყობის ადგილობრივ სახეობათაგან საკმაოდ გავრცელდა ირიბ რიგებად ნაწყობი რიყის ქვის (თევზიფხურა) და აგურის შერეული წყობა (კახური წყობა), ფიქლით ან ნატეხი ქვით წყობა, ნახევრად დამუშავებული და თლილი ქვით წყობის სახეობანი და სხვ. ბუნებრივი ქვის მრავალსახეობა (კირქვა, ქვიშაქვა, ტუფი და სხვ.) ქართვ. მშენებლებს ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა დაემშვენებინათ ქვის ნაგებობები მაღალმხატვრული მოპირკეთებული ან მთლიანი წყობით (სხვადასხვა ფაქტურისა და ფერის ქვების შეხამება – მოზაიკური განლაგება, წყობის რიგების მონოტონურობის დარღვევა ქვების თავისუფალი განლაგებით, ქვის ზედაპირის ოსტატური დამუშავება და სხვ.). აგურის წყობაშიც იყენებდნენ სხვადასხვა დეკორ. ეფექტს (დუღაბის ნაკერის ფერი, სისქე, აგურის სპეც. განლაგება წყობაში და სხვ.). წყობისთვის მდგრადობის, სიმტკიცისა და სეისმომედეგობის მისანიჭებლად იყენებენ წყობაში ქვების ჩასმას ჭდობით, კედლების დამაგრებას ხის ან ლითონის კავშირებით; თლილი ან ნახევრად თლილი კვადრების წყობაში ქვების ურთიერთმორგებასთან ერთად მიმართავდნენ მათ დაკავშირებას ლითონის ან ქვის ჩასადგმელი მოყვანილი ნაწილებით (მერცხლისკუდა გადაბმა და სხვ.). ბევრია ყორე და თლილი ან ნახევრად თლილი ქვით მაღალოსტატურად შესრულებული მშრალი წყობის უძველესი ნაგებობა (ციხე-კოშკები, გალავან-ზღუდეები, შენობები, საყრდენი კედლები და სხვ.). აღსანიშნავია კარის ღიობის მთლიანი ქვის ძელით გადახურვისთვის მის ზემოთ ღია ნაკერის მოწყობის, კამარებსა და თაღებში გამჭოლი ქვების ჩასმისა და სხვა ხერხების გამოყენება წყობაში, რაც ქართვ. მშენებელთა მაღალ ოსტატობაზე მეტყველებს.
ლიტ.: სამშენებლო სამუშაოთა წარმოება (სამშენებლო წარმოების ტექნოლოგია), გ. ნინუას რედ., ნაწ. 2, თბ., 1957.
გ. ნინუა