დამმუშავებელი მრეწველობა

დამმუშავებელი მრეწველობა, მრეწველობის დარგები, რომლებიც ამუშავებენ და/ან გადაამუშავებენ სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულს.

დ. მ-ს განეკუთვნება საკვები პროდუქტებისა და სასმელების, ტექსტილის, ტანსაცმლის, ტყავის, ფეხსაცმლის, მერქნისა და ხის ნაწარმის, ქაღალდის, ქიმიური, ლითონის, მანქანებისა და მოწყობილობების, მეტალურგიული და სხვათა წარმოება. მისი წილი მთლიანად საქართვ. მრეწველობაში შეადგენს საწარმოთა რაოდენობის 94,5%-ს, წარმოებული პროდუქციის ღირებულების 76,8%-ს, დასაქმებულთა რიცხოვნობის 73,4%-ს და ძირითადი კაპიტალის 41,0%-ს (2010 წ.).

საქართველოს დ. მ-ის შიდა დარგობრივ სტრუქტურაში წამყვანია საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება. 2010 მონაცემებით, მასზე მოდის დ. მ-ის პროდუქციის 41,8%, მეტალურგიულ მრეწველობაზე – 24,1%, ქიმიურ წარმოებაზე – 8,9%, არალითონური მინერ. ნაკეთობების წარმოებაზე – 9,0%, ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე – 4,1% და ა. შ.

დ. მ-ის ჩამოყალიბებული სტრუქტურა არ არის რაციონალური და მოითხოვს სრულყოფას. ამ თვალსაზრისით საჭიროა ამაღლდეს იმ დარგების ხვ. წილი, რ-ებიც ადგილ. რესურსების უკეთ გამოყენების საფუძველზე უზრუნველყოფენ ეროვნ. მეურნეობის ტექ. გადაიარაღებას, გამოიმუშავებენ და მოსახლეობას მიაწვდიან სხვადასხვა დანიშნულების სამომხმარებლო საქონელს, ხოლო საგარეო ბაზარს – საექსპორტო პროდუქციის დიდ ნაწილს. მიზანშეწონილია აგრეთვე თანამედროვე მაღალშემოსავლიანი და მეცნიერებატევადი წარმოებების განვითარება, რ-ებიც მსოფლიო ბაზარზე საქართვ. კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფენ.

2004–10 წლებში დ. მ-ის პროდუქციის წარმოება გაიზარდა 224,3%-ით, რაც მნიშვნელოვნად მეტია მთელი მრეწვ. საშ. ანალოგიურ მაჩვენებელზე (176,5%). დ. მ-ის ცალკეული ქვედარგებიდან ზრდის შედარებით მაღალი ტემპით გამოირჩევა საკვები პროდუქტებისა და თამბაქოს, არალითონური მინერალური ნაკეთობების, ქიმ. პროდუქციის, რეზინისა და პლასტმასის და სხვათა წარმოება. შემცირდა კოქსისა და ნავთობპროდუქტების წარმოება, არადამაკმაყოფილებელია ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოების მასშტაბები და სხვ.

დ. მ-ის პროდუქციის ძირითად ნაწილს აწარმოებენ თბილისში, მისი უმეტესი ნაწილი მოდის კერძო სექტორზე.

დ. ჩომახიძე