ადიშის ოთხთავი, ქართული მწერლობისა და სალიტერატურო ენის ერთ-ერთი უძველესი ძეგლი, რ-იც აღმოჩნდა სოფ. ადიშის ეკლესიაში და ამჟამად დაცულია მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ხელნაწერის ანდერძში მოხსენიებული წელთაღრიცხვის სამივე (დასაბამითგანი, ქორონიკონი, ქრისტესი) სისტემის თანახმად, ა. ო. გადაწერა 897 წელს გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებულ შატბერდის მონასტერში ამ მონასტრის „განახლებით აღმაშენებლის“, დიდი სოფრონის დაკვეთით ვინმე მწერალმა მიქაელმა; წიგნის ყდაში ჩამსმელი („მმოსელი“) მიქაელ დიაკონია. ხელნაწერი შესრულებულია მრგვლოვანი ხელით ეტრატზე ორ სვეტად, ზომა 30 X 25 სმ. დასაწყისი ხუთი ფურცელი უჭირავს მხატვრულ კამერებში ჩაწერილ სტრიქომეტრულ აპარატს, სახარებათა მსგავსი ადგილების მისათითებელს, ე. წ. ევსების „ათ კანონს“. ხელნაწერში დაცულია სახარება-ოთხთავის უძველესი ქართ. თარგმანი, ის გადმოწერილია უფრო ძველი „ჰაემეტური“ ტექსტის შემცველი ნუსხიდან. გადამწერ მიქაელს თავისი დროისათვის ზედმეტად ქცეული მეორე სუბიექტური და მესამე ობიექური პირის ჰ- პრეფიქსი ხმოვნების წინ საგანგებოდ გამოუტოვებია, მაგრამ ზოგჯერ მაინც გამორჩენია მისი ამოღება და გადანაწერს გადმოჰყოლია. ასეთებია: თავ-ჰუყოს, ნუ ჰირქუამთ, ჰემტერა, ჰუყვეს, ჰუეტყოდე, ჰევედრებოდეს და სხვა. ა. ო. რედაქციულად განკერძოებით დგას სხვა ოპიზური ტიპის ძვ. ოთხთავების ხელნაწერთაგან. გამონაკლისია ლუკას სახარების ნაწილი, რ-იც, ჩანს, „ჰაემეტური“ ნუსხის ნაკლულების გამო ამ მონაკვეთში გადამწერს ოპიზური რედაქციის ხელნაწერიდან გადაუწერია და ამით შეუვსია. ა. ო. მეტად საყურადღებოა გრამატ., განსაკუთრებით სინტაქსური სტრუქტურით, ასევე ლექსიკურ-ტერმინოლოგიური, დიალექტიზმებისა და უცხოენოვანი ელემენტების თვალსაზრისით. XV ს. II ნახევარში ა. ო. გურიის ჯუმათის მონასტრის ყოფილ წინამძღვარს (მამასახლისს) ნიკოლაოსს სხვა ხელნაწერებთან ერთად წამოუღია, მაგრამ ხელნაწერი გურიაში დიდხანს აღარ დარჩენილა და აუტანიათ სვანეთში, რასაც ადასტურებს XVI–XVII სს. ნუსხური და მხედრული მინაწერები. მინაწერებს ატყვია სვანური ენის გავლენა, კბილბაგისმიერი ვ-ს ადგილზე ხშირად ნახმარია სვანურისათვის დამახასიათებელი ბილაბიალური უმარცვლო უ (მთაუარ მოწამე, თაუს-დებობითა, უნებისა კჳრიაკესა...), ერთგან ნახსენებია სვანი იოანე მუბეჩვანიც (ე. ი. ბეჩოელი).
პირველი ცნობა ა. ო-ზე ეკუთვნის ი. ბართოლომეის, მეორე – ბ. ნიჟარაძეს („თავისუფალ სვანს“), შემდგომი – პ. უვაროვას, ა. ხახანაშვილს, ე. თაყაიშვილს, ა. შანიძეს და სხვებს. 1910 ე. თაყაიშვილის მიერ მოწყობილი ექსპედიციის დროს დ. ერმაკოვმა გადაიღო ა. ო-ის ყველა გვერდის ფოტოპირი (200 ტაბულა), რის საფუძველზეც მოსკ. საარქეოლოგიო საზ-ბამ გამოსცა ფოტოტიპური ალბომი ე. თაყაიშვილის ვრცელი გამოკვლევლითურთ (სერიაში: „Материалы по археологии Кавказа“, XIV, 1916).
ამ გამოცემის საფუძველზე ჰარვარდის უნ-ტის პროფესორმა რ. ბლეიკმა ა. ო-ის ტექსტი (ოპიზისა და ტბეთის ხელნაწერი ვარიანტებითა და ლათ. თარგმანითურთ) გამოსცა სტამბურად: მარკოზის თავი – 1928, მათეს თავი – 1933, იოვანეს თავი – 1950 (მ. ბრიერთან ერთად) და ლუკას თავი – 1955 (გამოსცა მ. ბრიერმა). ა. შანიძემ კრიტიკულად გამოსცა ა. ო-ის ტექსტი ჯრუჭისა და პარხლის ოთხთავების პარალელურად („ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით“, 1945). შესწავლილია ა. ო-ის ტექსტის სხვადასხვა მხარე: რედაქციული რაობა (ი. იმნაიშვილი, ს. სერებრიაკოვი), დიალექტიზმები (თ. გონიაშვილი), ბერძნიზმები (ს. ყაუხჩიშვილი), წარმომავლობა და არმენიზმები (ე. დოჩანაშვილი), მხატვრული სამკაულები (რ. შმერლინგი) და სხვ.
ლიტ.: გონიაშვილი თ., დიალექტიზმებისათვის ჰადიშის ძეგლში, «ენიმკის მოამბე», 1938, ტ. 4, ნაკვ. 2; დოჩანაშვილი ელ., მასალები ადიშის ოთხთავის წარმომავლობის საკითხისათვის, «მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის», 1955, ნაკვ. 32; იმნაიშვილი ი., ადიშის ოთხთავი რედაქციულად, «თსუ შრომები», 1947, ტ. 30 В-31 В; ყაუხჩიშვილი ს., ადიშის ხელნაწერის ბერძნიზმები, «ენიმკის მოამბე», 1944, ტ. 14; შანიძე ა., ჰაემეტობა ადიშის სახარებაში უძველესი ქართული ტექსტების აღმოჩენის გამო, «ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე», 1922–23, ტ. 2.
კ. დანელია