არახვეთი

არახვეთი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მდ. მთიულეთის არაგვის მარჯვ. მხარეს, საქართვ. სამხ. გზაზე. ზ. დ. 1520 მ, დუშეთიდან 61 კმ. 205 მცხ. (2014).

ა-ის მოშორებით, ლომისის მთის ფერდობზე, გაშენებული იყო ძველი სოფელი, რ-საც ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) „არხვეთს“ უწოდებდა. XIV ს-ში მთიულეთის არაგვის მთელ მარჯვ. სანაპიროსთან ერთად შედიოდა ქსნის საერისთავოში, XV ს-იდან – არაგვის საერისთავოში. ნასოფლარის ადგილზე შემორჩენილია გვიანდ. ფეოდ. ხანის ციხესიმაგრის ტიპის კოშკური სახლები. განსაკუთრებით საინტერესოა ნასოფლარის სამხრ.-აღმ. მონაკვეთში მდგარი ციხე-სახლი. იგი რამდენიმე ეტაპადაა აგებული. გაირჩევა სამი ქრონოლოგიური ფენა – უკანასკნელად იგი სამსართულიანი ყოფილა. სახლი მოცულობით დიდია, გეგმით – კვადრატული, ჩრდ-იდან ზედ კოშკია მიდგმული, რ-ის პირველ სართულს ერთი კარი და ერთი სარკმელი აქვს, მეორე სართულზე კედლებში სხვადასხვა სიმაღლეზე და სხვადასხვა მიმართულებით სათოფურებია დატანებული, კარი ამ სართულზეც არის. მესამე სართულის კედლებში სარკმლებისა და სათოფურების გარდა ნისკარტა სალოდეებიცაა მოწყობილი. კოშკი დაკავშირებულია სახლთან. სახლის კედლებშიც სარკმლები და სათოფურებია გააზრებულად განლაგებული. ციხე-სახლის ფასადები მორთული იყო. გამოირჩევა შესასვლელის მხარე. სოფლის თავზე XIX ს. პატარა დარბაზული ეკლესიაა.

ლიტ.: გ ვ ა ს ა ლ ი ა  ჯ., ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1967, [ტ.] 3; ზ ა ქ ა რ ა ი ა  პ., საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ძეგლები, თბ., 1960; მაკალათია ს., მთიულეთი, ტფ., 1930.

ჯ. გვასალია

პ. ზაქარაია