არახლო

არახლო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის ძველი სახელწოდება.

XVIII ს-მდე ამ ადგილს ნახიდური ერქვა. მტერთა ულმობელმა თარეშმა აქაურობა გააპარტახა და გააუკაცრიელა. მცირერიცხოვან მკვიდრთა გარდა დღევანდელი მოსახლეობა ახლად მოსულია.

1974–76 გათხრების შედეგად (ხელმძღვ. მ. სინაურიძე) გამოვლინდა ნამოსახლარი, რ-იც შეიცავს ციკლოპურ ციხეს. ციხის შიგნით შემონახულია საცხოვრ. და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები და რამდენიმე ეკლესია. ციხის ტერიტორიაზე მოპოვებული უძველესი არქეოლ. მასალა (სკვითური ისრისპირი და კერამიკა) განეკუთვნება ძვ. წ. VII–VI სს., ხოლო უახლესი – XIII–XIV სს. (ყაანური და ჰულაგუიანური მონეტები). მიუხედავად იმისა, რომ ნამოსახლარი მდებარეობს ხელსაყრელ ადგილზე, ხელოვნურად გამაგრებულ კონცხზე, რ-საც აღმ-იდან და ჩრდ-იდან ესაზღვრება მდ. ხრამი, მდინარის კლდოვანი ნაპირი დამცველი კედლებით არის გამაგრებული. დას-იდან ციხისკენ მიემართებოდა გზა და შესასვლელიც აქედან აქვს. სამხრ-იდან–გალავანია, ამავე მხარეს ფერდობზე, თითქმის მდ. ხრამამდე, ტერასებზე განლაგებულია სამოსახლოები. გათხრების შედეგად გამოვლინდა XI ს. გეგმით სწორკუთხა ერთნავიანი ეკლესია, კედლის სიბრტყეში მოქცეული ნახევარწრიული აფსიდით. ნაგებია თლილი და ნატეხი ქვით და კირხსნარით, გამოყენებულია აგურიც. სამხრ-იდან მიშენებული აქვს ეგვტერი, აქედანვეა გაჭრილი შესასვლელიც. ძეგლის გაწმენდისას აღმოჩნდა თაღების თლილი ქვები, აგური, აფსიდში – სატრაპეზო ქვა და XI–XIII სს. კერამიკა. კონცხის ჩრდ.-აღმ-ით, ფერდობზე, ზემოდან II ტერასაზე შესწავლილია XII–XIII სს. შენობათა კომპლექსი, რ-შიც შედის მშრალად ნაწყობი დიდი ლოდებით ნაგები 8 სათავსი, მ. შ. ქვის კერიანი დიდი დარბაზი, რ-იც, როგორც ჩანს, გვირგვინით უნდა ყოფილიყო გადახურული. ა-ს კონცხის გასწვრივ, მდ. ხრამის მარცხ. ნაპირზე, დადასტურებულია ძვ. ნასახლარები, აქვე შემოღებულ ტერასებზე 3 ეკლესიაა, მათგან აღსანიშნავია გეგმით სწორკუთხა X – XI სს. დარბაზული ეკლესია, რ-ის ღრმა აფსიდი კედლის ფარგლებშია მოქცეული, ხოლო წაგრძელებული ნავი პილასტრებითაა დანაწევრებული. აფსიდის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნეა. შესასვლელი სამხრ-იდან აქვს. ქედის წვერზე აღმართული ეკლესიაც დარბაზულია. აღმ-ით მასაც ნახევარწრიული აფსიდი აქვს. საკურთხეველში ქვის ტრაპეზია. კარი დას-იდანაა. გარს უვლის დანგრეული გალავანი, რ-ის შიგნით აღმოჩენილია XII–XIII სს. კერამიკა. ამავე ხანას მიეკუთვნება ეს ეკლესიაც. აქვეა კიდევ ერთი დანგრეული ეკლესია. სოფელში დგას დიდი ტაძარი, რ-ის მშენებლობა დაახლ. XVII–XVIII სს. მიჯნაზე დაუწყიათ, მაგრამ ვერ დაუმთავრებიათ, არც გუმბათი ადგას და ზოგი სხვა ნაწილიც აკლია (იხ. აგრეთვე სტ. არახლოს გორა). ა-ს მახლობლადაა ნახიდურის ქვაბთა კომპლექსი.

ლიტ.: ბახტაძე ნ., ქვემო ქართლის კლდის ძეგლთა შესწავლისათვის, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1987, №4; მეფისაშვილი რ., კიდევ ერთხელ ბოლნისისა და დმანისის ძეგლების შესახებ, «ძეგლის მეგობარი», 1971, № 26.

მ. სინაურიძე