ალავერდის ოთხთავი, ქართულ ხელნაწერ წიგნთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნუსხა.
ხელნაწერი დაცულია საქართვ. მეცნ. აკად. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწ. ინ-ტში (ყოფ. საეკლესიო მუზეუმის კოლექცია, A-484). გადაწერილია 1054 კალიპოსზე (შავი მთა). გადამწერნი: სვიმეონ, გიორგი და იოანე დვალები. ა. ო. დაწერილია ეტრატზე. ჩასმულია ვერცხლის მდიდრულად მოჭედილსა და ძვირფასი ქვებით შემკულ ყდაში. ყდაზე გამოხატულია იესო ქრისტე, ღვთისმშობელი და ჭაბუკი (წმ. გიორგი) ჯვრით. ხელნაწერს ახლავს თავსართები, სახარების თოთოეული თავის დასაწყისში დართულია მახარებელთა (მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე) მინიატიურები. ტექსტს ახლავს აპოკრიფული თხზულება-„ავგაროზის ეპისტოლე“, რ-იც აერთიანებს ორ წერილს (ედესის მთავრის ავგაროზისა და იესო ქრისტესი).
ხელნაწერი მეტად მნიშვნელოვანია როგორც წიგნის მხატვრული გაფორმებისა და შეკვრის ტექნიკის, ასევე ქართ. მწერლობის ისტორიის თვალსაზრისით. მასში დაცული ა. ო. ექვთიმე ათონელის რედაქციითაა და წარმოადგენს ძველქართულ თარგმანთა განახლებულსა და ბიზანტ. სალიტ. ტრადიციებთან დაახლოებულ ტექსტს. ოთხთავზე დართული „ავგაროზის ეპისტოლე“ წარმოადგენს ბიზანტ. მწერლობაში გავრცელებული თხზულების ადრეული, აღმოსავლური (სირიული) განწყობის ამსახველ რედაქციას. აპოკრიფს არ ეძებნება ბერძნ. დედანი, რაც ზრდის მის მნიშვნელობას არა მარტო ქართული, არამედ თავად ბიზანტ. მწერლობის ისტორიისთვისაც.
გარდა წმინდა ლიტ. და მხატვრული მნიშვნელობისა, ა. ო-ს განსაკუთრებული ისტ. ღირებულება აქვს. მასზე დართულ ანდერძ-მინაწერებში დასტურდება საქართველოს პოლიტ. ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპები. XI ს. ორი ანდერძის (1054, 1059) მიხედვით იკვეთება, რომ ამ საგანგებოდ შედგენილი ნუსხის გადაწერა უკავშირდება ბაგრატ IV-ის – ერთიანი საქართველოს განმგებლისა და მეფის – პოლიტიკურ წარმატებებს, კერძოდ, მის მიერ ერთ-ერთი მძლავრი მოწინააღმდეგის ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავის ძის, ივანეს დამორჩილება-შემორიგებასა და კონსტანტინოპოლიდან საქართველოში დაბრუნებას. ანდერძში ვკითხულობთ: „ესე ანდერძი მე. ივანე პროედროსმან, ძემან ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავისამან, პროედროსისა და პროტარხონოსისამან, დავწერე მას ჟამსა, ოდეს, ადიდენ ღმერთმან, ძლიერმან აფხაზთა და ქართველთა მეფემან და ყოვლისა აღმოსავლეთისა ნოელისიმოსმან კონსტანტინეპოვლით მომიყვანეს და მოვედ კაცხს, მამულსა ჩუენსა...“
ხელნაწერის ისტორიისათვის საინტერესო ცნობას შეიცავს კრებულის თავში დართული XI ს. მინაწერი, რ-ის მიხედვითაც ირკვევა, რომ ხელნაწერი შეუსყიდია ვინმე გლახაკს – გიორგის და შეუწირავს ხანძთის წმ. გიორგის მონასტრისათვის (ეს მონასტერი IX ს-ში დააარსა გრიგოლ ხანძთელმა).
ა. ო-ს წინ ერთვის XVII ს. ნუსხურით შესრულებული ვრცელი მინაწერი, მისი ავტორია ვინმე ზებედე წინამძღვარი. ამ მინაწერში დაცულია საგულისხმო ცნობები შაჰ-აბაზის მიერ ქართლის, მცხეთის საყდრისა და საგანძურის, კახეთის აოხრების, ლუარსაბ ქართლის მეფის, მისი დედის - თამარის დატყვევების, კახთა მეფის თეიმურაზის დედის - ქეთევან დედოფლის წამებისა და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.
ნ. ჩხიკვაძე