არგვეთა

არგვეთა, სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქვედა საქარის თემში (იმერეთის რეგიონი), იმერეთის დაბლობზე, მდ. ჩოლაბურის (ყვირილის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 120 მ, ზესტაფონიდან 7 კმ. რკინიგზის სადგური. 1,3 ათ. მცხ. (2014). სოფელში არის მინერ. წყარო.

წერილობით წყაროებში დამოწმებულია XVIII ს. 70-იანი წლებიდან. სოფელში დგას შუა ფეოდ. ხანის გეგმით სწორკუთხა, ერთნავიანი ეკლესია „დედა ღვთისა“.

აღმ-ით გარედან ხუთწახნაგა, შიგნით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. სამხრ-იდან მოშენებულია საქალებო და კიდევ ერთი სათავსი, მათ შორის კარიბჭეა მოთავსებული. შიგნით და გარედან ნაშენია დიდი ზომის თლილი ლოდებითა და კირით. შესასვლელები აქვს აგრეთვე დას-იდან და ჩრდ-იდან. ძეგლი დაზიანებულია. 1923 – 24 მას შემოაცალეს პერანგი და სხვადასხვა დანიშნულების სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოიყენეს. ამ დროს დაიკარგა დას. კირის თავზე ჩასმული წარწერებიანი დიდი ქვა.

შ. საღარაძე

თ. ბერაძე