არგვეთი

არგვეთი, ისტორიული პროვინცია დას. საქართველოში. მემატიანე ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, ა. მოიცავდა ტერიტორიას ლიხის ქედიდან რიონამდე და რაჭის მთებიდან ფერსათის მთებამდე, ე. ი. ახლანდ. ხარაგაულის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლისა და ბაღდათის მუნიციპ-ებს, ტყიბულისა და ჭიათურის ზონებს.

ა. საერისთავო ქვეყანა იყო. ქართ. ისტ. წყაროების მიხედვით აქ ჯერ კიდევ ქართლის პირველ მეფეს ფარნავაზს დაუსვამს ერისთავი, მასვე აუგია შორაპნისა და დიმნის ციხეები. ვახტანგ გორგასლის დროს ა. და თაკვერი ერთ საერისთავოს შეადგენდნენ. VIII ს. 30-იან წლებში ა-ის მთავრები იყვნენ დავითი და კონსტანტინე. IX ს-ში ა-ის საერისთავოდ დადგენილი აფხაზთა უფლისწულის დემეტრეს რეზიდენცია ჩიხაში ყოფილა. XI ს. I ნახევარში ა-ის ერისთავებად იხსენიებიან ხურსი და გიორგი. ა-ში იყო შუა საუკ. ერთ-ერთი მძლავრი ფეოდ. გვარის – ბაღვაშების (ბაღუაშების) მამული. უკანასკნელი ბაღვაშის, რატის სიკვდილის (1103) შემდეგ დავით აღმაშენებელმა მათი მამული ა-ში გელათის მონასტერს შესწირა. XII–XIII სს-ში ა-ის ერისთავებად ამანელისძენი ჩანან. გვიანდ. ფეოდ. ხანაში ა-ის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სათავადოები: საწერეთლო, სააბაშიძეო, საჩხეიძეო და სამხეიძეო.

ა-ში ძირითადად მევენახეობა და მესაქონლეობა იყო განვითარებული. მოიპოვებოდა და მუშავდებოდა სპილენძი, რკინა, ვერცხლი. ა-ის უმნიშვნელოვანესი ციხეები იყო შორაპანი, სკანდა, სვერი, ჩიხა, მუხური და სხვ. საეკლ. ნაგებობათაგან აღსანიშნავია უბისის და ჯრუჭის მონასტრები (ეს უკანასკნელი ხურსი ერისთავმა საგვარეულო სამარხად ააგო X–XI სს. მიჯნაზე), ტაბაკინი და კაცხის ტაძარი (აგებულია 1010 – 14 ბაღვაშების საგვარეულო სამარხად).

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2; ჯანაშია ს., შრომები, [ტ.] 2, თბ., 1952.

გ. ცქიტიშვილი