დამოუკიდებლობის კომიტეტი (დამკომი)

დამოუკიდებლობის კომიტეტი (დამკომი) ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს  დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ლ ო ბ ი ს  კ ო მ ი ტ ე ტ ი , პ რ ი ტ ე ტ უ ლ ი  კ ო მ ი ტ ე ტ ი, ეროვნულ-პოლიტიკური ძალების მიერ საბჭოთა რუსეთის ბატონობისაგან საქართველოს განთავისუფლების მიზნით შექმნილი საიდუმლო ორგანიზაცია.

საბჭ. რუსეთის მიერ საქართვ. დაპყრობის (1921 თებ.–მარტი) შემდეგ ქვეყნის წამყვანი პოლიტ. პარტიები (სოციალ- დემოკრატიული, გაერთიანებული ეროვნ.-დემოკრატიული, სოციალისტ- ფედერალისტური, სოციალისტ- რევოლუციური, დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული), გარკვეული წინააღმდეგობის მიუხედავად, 1922 მაისში შეთანხმდნენ და პარიტეტულ პრინციპებზე შექმნეს პოლიტ. პარტიათა გამაერთიანებელი, ანუ ინტერპარტიული (პარტიათაშორისი) ორგანიზაცია – დ. კ., რ-ის მიზანი იყო საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

გაერთიანება ეფუძნებოდა შემდეგ პრინციპებს: დ. კ. იქმნებოდა პარიტეტულ საწყისებზე – კომიტეტში ყველა პარტიას თითო წარმომადგენელი უნდა ჰყოლოდა, კომიტეტის თავმჯდომარე კი მუდმივად ს.-დ. პარტიის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო; დ. კ. თავის ზემდგომ ორგანოდ მიიჩნევდა ემიგრაციაში მოქმედ კანონიერ მთავრობას; გარდამავალ პერიოდში მთავრობის ფუნქციებს შეასრულებდა დროებითი მმართველობა, რ-საც შექმნიდა დ. კ. კოალიციურ საფუძველზე; დროებითი მმართველობა აღადგენდა დემოკრ. რესპუბლიკას და 1921 წ. კონსტიტუციას; დამფუძნებელი კრება უნდა შეკრებილიყო პირველი შესაძლებლობისთანავე და დაედასტურებინა დროებითი მმართველობის კანონიერება; ემიგრაციაში მყოფი მთავრობა ქვეყანაში დაბრუნებისთანავე თავისი მოღვაწეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენდა დამფუძნებელ კრებას და გადადგებოდა; დამფუძნებელი კრება შეიმუშავებდა კანონს ერთიანი სამხ. სისტემის შესახებ, შექმნიდა საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის დაცემის მიზეზების შემსწავლელ კომისიას; პარიტეტულ საწყისებზე შექმნიდა საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც მოიხსნიდა უფლებამოსილებას;

დამფუძნებელი კრების მიერ უფლებამოსილების მოხსნიდან არა უადრეს ორი და არა უგვიანეს ოთხი თვისა ჩატარდებოდა საქართვ. პარლამენტის არჩევნები. დ. კ-ის შექმნის მიზნით შეთანხმებას ხელი მოაწერეს: გ. ფაღავამ (სოციალ-დემოკრატები), ი. ჯავახიშვილმა (ეროვნ.-დემოკრატები), მ. ხოჭოლავამ (სოციალდემოკრატი „სხიველებისაგან"), გ. ს. რცხილაძემ (სოციალისტ-ფედერალისტები), ი. გობეჩიამ (სოციალისტ-რევოლუციონერები). ხელშეკრულების ტექსტი დ. კ-ის შექმნის შესახებ გაეგზავნა პარიზში მყოფ საქართვ. მთავრობის თავმჯდომარეს ნ. ჟორდანიას.

კავშირს დამკომსა და მთავრობას შორის ახორციელებდა ე. წ. „კონსტანტინოპოლის ბიურო", რ-საც დაევალა აგრეთვე ფარული მოლაპარაკებების წარმოება თურქეთის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების მთავრობებთან შესაძლო დახმარების თაობაზე, თუმცა ამ მოლაპარაკებებს რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. დ. კ-ის თავ-რეები 1922 მაისიდან 1924 აგვისტომდე იყვნენ სოციალ-დემოკრატები: გ. ფაღავა, ნ. ქარცივაძე და კ. ანდრონიკაშვილი, მდივანი – ეროვნ.- დემოკრატი ი. ჯავახიშვილი. მოგვიანებით „სხიველებისაგან" მ. ხოჭოლავას ნაცვლად დ. კ-ის წევრი გახდა ნ. იმნაიშვილი, რ-იც გ. ტ. გიორგაძემ შეცვალა. შემდგომში ამ უკანასკნელის ნაცვლად კომიტეტში შევიდა კ. ნინიძე, ხოლო სოციალისტ-ფედერალისტ გ. ს. რცხილაძის ნაცვლად – ს. პ. დადიანი.

დ. კ. იქცა აჯანყებისათვის მზადების პოლიტ. ცენტრად, სამხ.-ტექ. თვალსაზრისით კი მას ამზადებდა სამხედრო ცენტრი, რ-საც უნდა მოეხდინა საქართვ. ტერიტორიაზე მოქმედი შეიარაღებული ფორმირებების მობილიზება და მათი ქმედების კოორდინაცია. მას სათავეში ჩაუდგა ეროვნ.- დემოკრ. პარტიის თავ-რე გენ. კ. აფხაზი.

ცენტრის ჩავარდნის შემდეგ მის ფუნქციას ასრულებდა სამხედრო კომისია. აჯანყების მზადების ბოლო ეტაპზე დ. კ. წარმოადგენდა როგორც პოლიტ., ისე სამხ. ცენტრს. მიუხედავად მკაცრი კონსპირაციისა, დ. კ-ის შექმნა და მოღვაწეობა ცნობილი გახდა საქართვ. და ამიერკავკ. საგანგებო კომისიებისათვის. შედეგად დ. კ-ის ზოგიერთი წევრი დააპატიმრეს და მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს.

მიუხედავად ამისა, დ. კ. ცდილობდა შეუფერხებლად გაეგრძელებინა აჯანყებისათვის მზადება. იგი პოლიტ. ხელმძღვანელობას უწევდა სამხ. კომისიას, ხოლო ამ უკანასკნელის ჩავარდნის შემდეგ თავის თავზე აიღო აჯანყების სამხ.-ტექ. ხელმძღვანელობაც.

დ. კ. ცდილობდა აჯანყებისათვის მიეცა საერთოკავკასიური ხასიათი. ამ მიზნით მოლაპარაკება დაიწყეს ჩრდილო კავკ. ხალხების პოლიტ. ლიდერებთან, სომხებთან და აზერბაიჯანელებთან.

დ. კ-ს მუდმივი კავშირი ჰქონდა პარიზში მყოფ საქართვ. ემიგრანტულ მთავრობასთან, საიდანაც დირექტივებს ღებულობდა.

1924 წ. 18 აგვისტოს დ. კ-ის საგანგებო სხდომამ აჯანყების თარიღის დანიშვნა მიანდო კ. ანდრონიკაშვილს (დამკომის თავმჯდომარე), დ. ონიაშვილს (სოციალ-დემოკრატი), შ. ამირაჯიბს (ეროვნ.-დემოკრატი), ს. ზალდასტანიშვილსა და ს. ჭავჭავაძეს (აჯანყების მთავარსარდალი). ხუთეულმა 24 აგვ. სხდომაზე აჯანყების დღედ 29 აგვ. ღამის 2 საათი დანიშნა, თუმცა იგი ნაადრევად, 28 აგვ. ღამის 2 საათზე დაიწყო და ისიც არა მთელ საქართველოში, არამედ მხოლოდ ჭიათურაში (იხ. აგრეთვე აგვისტოს აჯანყება 1924).

აჯანყების წარუმატებლობის შემდეგ დაიწყო ფართომასშტაბიანი უმკაცრესი რეპრესიები, რასაც უამრავი პატრიოტის სიცოცხლე შეეწირა. 1924 წ. 4 სექტ. მცხეთასთან შეიპყრეს დ. კ-ის თავმჯდომარე კ. ანდრონიკაშვილი და მდივანი ი. ჯავახიშვილი. საპყრობილეში მყოფ დ. კ-ის წევრებს 1924 წ. 5 სექტ. იძულებით მოაწერინეს ხელი განცხადებაზე, რითაც ისინი მოსახლეობას აჯანყების შეწყვეტისა და ხელისუფლების მორჩილებისაკენ მოუწოდებდნენ. ამ განცხადებით დ. კ. დაშლილად გამოცხადდა.

1925 თბილისში გაიმართა დ. კ-ის წევრთა სასამართლო პროცესი. კ. ანდრონიკაშვილსა და მის თანამოაზრეებს ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯეს და რუსეთში გადაასახლეს.

ლიტ.: საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ. საბრალდებო დასკვნა, ტფ., 1925; ბ ე ნ ი ძ ე  ვ., 1924 წლის აჯანყება საქართველოში, თბ., 1991; დ ი უ გ ე  რ., მოსკოვი და წამებული საქართველო, თბ., 1994; ზ ა ლ დ ა ს ტ ა ნ ი შ ვ ი ლ ი  ს., საქართველოს 1924 წლის ამბოხება, მიუნხენი, 1956 (გამოც. მე-2, თბ., 1995); ს უ ლ ხ ა ნ ი შ ვ ი ლ ი  ა., ჩემი მოგონებანი, თბ., 2007; L a n g  D. M., A Modern History of Georgia, L., 1962.

ვ. გურული