არგიშტიხინილი

არგიშტიხინილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ურარტული ცენტრი სამხრ. კავკასიაში, მდებარეობდა მდინარე არაქსის მარცხ. ნაპირზე.

ქალაქი დააარსა ურარტუს მეფე არგიშთი I-მა დაახლ. ძვ. წ. VIII ს. 70-იან წლებში დაპყრობილი აზას ქვეყნის ტერიტორიაზე. ცნობა დაცულია არგიშთი I-ის მატიანეში. ა-ის მიდამოებში აღმოჩენილი ურარტული ლურსმული წარწერები მოგვითხრობენ, რომ ურარტუს მეფეებს დაუპყრიათ არარატის ველი, აუგიათ ციხესიმაგრე, სასახლეები და ტაძრები, გაუყვანიათ არხები, გაუშენებიათ ბაღვენახები. ა. ურარტუელთა მნიშვნელოვანი სამეურნეო ცენტრი უნდა ყოფილიყო. ა-ის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლ. გათხრების შედეგად. აღმოჩენილია ბრინჯაოს, რკინისა და თიხის ნივთები. ძვ. წ. IV ს-ში ა-ის ადგილზე აშენდა ქალაქი არმავირი.

ლიტ.: Мартиросян А. А., Аргиштихинили, Ер., 1974.

გ. მელიქიშვილი