არდადეგი

არდადეგი, მზის წლიურ მოქცევაზე დამყარებული ძვ. ქართული წარმართული კალენდრის თვე (დაახლ. 20 ივლ. – 20 აგვ.) ზოდიაქური (იხ. ზოდიაქო) ქრონოლოგიის თანახმად, რ-იც საფუძვლად უდევს ქართულ წარმართულ კალენდარს.

ა-ის დროს მზე ზოდიაქოს ლომის ნიშანზე დგას („მზე რა ლომში შევა, გასვლამდის არდადეგი არს“, ს.-ს. ორბელიანი), ქართლის ზოგიერთ ადგილას ა. ეწოდება ივლ. ბოლო სამ და აგვ. პირველ სამ დღეს. ეს დრო ჩვეულებრივ დიდ სიცხეებს ემთხვევა, ამიტომ, ხალხ. რწმენით, ვენახში შესვლა და მორწყვა არ შეიძლებოდა. ლომის ზოდიაქო, რ-ის რკალშიც არის მზე, ა-ის თვეში, ძვ. ასტრონ. წარმოდგენების თანახმად, „ცეცხლის სახლად“ ითვლებოდა.

ლიტ.: ინგოროყვა პ., ძველ-ქართული წარმართული კალენდარი V–VIII სს. ძეგლებში, «საქართველოს მუზეუმის მოამბე», 1931 – 33, ტ. 6 – 7; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1).

მ. მაკალათია