არეოპაგიტიკა

არეოპაგიტიკა, ბერძნულ ენაზე დაწერილ თხზულებათა კორპუსი, ქრისტიანული თეოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, შედგება ოთხი ტრაქტატისა („საღმთოთა სახელთათვის“, „ზეცათა მღდელთ-მთავრობისათვის“, „საეკლესიო მღდელთ-მთავრობისათვის“, „საიდუმლოდ ღმრთის-მეტყველებისათვის“) და ათი წერილისაგან.

ავტორი, ალბათ იმიტომ, რომ ქრისტიანობის მტერს – პროკლეს ემყარება, თავს პავლე მოციქულის მიერ მოქცეულ დიონისე არეოპაგელად აცხადებს. ამ შრომაზე პირველი ცნობაა ეფესოს ეპისკოპოსის ჰიპათიას მიერ 532 მისი ავთენტიკურობის (ნამდვილობის) უარყოფა. მიუხედავად ამისა, ერთი საუკუნის შემდეგ, მაქსიმე აღმსარებლის გავლენით, შრომა საყოველთაოდ იქნა აღიარებული. XX ს. დასაწყისში ეჭვი საბოლოოდ დადასტურდა. მკვლევრები ავტორის ვინაობაში შეთანხმებული არ არიან. შ. ნუცუბიძის და ე. ჰონიგმანის საინტერესო ჰიპოთეზის თანახმად, ავტორი V ს. ქართვ. მოღვაწე პეტრე იბერია.

ნაშრომში არის ქრისტ. შესაქმისა და ნეოპლატონური ემანაციის (გამოსხივება), სამებისა და ნეოპლატონური ერთის, ასევე სამყაროს სისტემისა და ღმერთის თავისუფალი ნების შერიგების ცდა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტრანსცენდენტური ღმერთის გაგების მეთოდებს. გამოკვეთილია დადებითი და უარყოფითი თეოლოგიები. მათი წინააღმდეგობა მოიხსენება ღმერთში, როგორც დაპირისპირებულობაზე მაღლა მდგომში, რ-იც, როგორც ზეარსი, იმდენად განსხვავებულია არსისაგან, რომ შეიძლება არ-არსი ეწოდოს. მის შეუმეცნებადობასთან ადამიანის მისტიკური მიმართება გამოიხატება „ყოვლად ბრძნული დუმილით“. მისი რწმენა წინ უსწრებს შემეცნებას. კაპადოკიელთა კვალად დამუშავებული სიკეთის მონიზმის პრობლემა (ისევე, როგორც ნეოპლატონიზმში, ღმერთთა სიმრავლეზე მსჯელობა ამას ხელს არ უშლის). ბოროტება სიკეთის კლებაა და მხოლოდ შეფარდებითია. შუა საუკ. აზროვნებაში ამ შრომიდან შევიდა ნეოპლატონური სინათლის მეტაფიზიკა და პანთეიზმის ნაკადი (ღმერთი „ყოველთა შორის ყოველი არს და არცა ერთთა შორის არაა“). აქვეა შემდგომში გავრცელებული პრინციპი – „არარას ახლის-მეტყუელებასა კადნიერ ვიქნებით“.

ლათინურად „არეოპაგიტური კორპუსი“ იოანე სკოტუს ერიუგენამ თარგმნა. მას ერთნაირი გულმოდგინებით იმოწმებდნენ ერეტიკოსებიც და დოგმატიკოსებიც. მისი გავლენა თომა აკვინელზე, დანტესა და ნიკოლოზ კუზანელის გავლით ჯორდანო ბრუნომდე აღწევს. ქართულად იგი ეფრემ მცირემ თარგმნა და იოანე პეტრიწის ნეოპლატონიზმთან ერთად (რ-იც ემიჯნებოდა ა-ს) მისი გავლენა ქართ. კულტურაზე, განსაკუთრებით კი რუსთაველისა და ჩახრუხაძის შემოქმედებაზე, აშკარაა. ა-მ გარკვეული წვლილი შეიტანა რენესანსული მსოფლმხედველობის საფუძვლის მომზადებაში, რადგან სიკეთის მონიზმის საფუძველზე ამტკიცებდა, რომ „არცა ხორცთა შინა არს ბოროტი“.

გამოც.: პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), შრომები, თარგმ. ეფრემ მცირისა, ს. ენუქაშვილის გამოც., თბ., 1961.

გ. თევზაძე