ავალიშვილ-ხერხეულიძე ბაბო (ბარბალე) ანდრიას ასული [22. VII (3. VIII). 1851, თბილისი, – 23. XI (6. XII). 1900, იქვე], მსახიობი, ქართ. სცენის დიდი მოამაგე. ტრაგიკული და დრამ. როლების პირველი შემსრულებელი განახლებულ ქართ. პროფ. თეატრში (1879).
1868 დაამთავრა წმ. ნინოს სასწავლებელი თბილისში. ამავე წლიდან გამოდიოდა სცენისმოყვარეთა შინაურ და საჯარო წარმოდგენებში. 1880-იდან დროდადრო მონაწილეობდა ქართ. პროფ. თეატრ. სპექტაკლებში როგორც სცენისმოყვარე, 1881 კი პროფ. მსახიობად ჩაირიცხა და თითქმის სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა, თამაშობდა მთავარ დრამ. როლებს, დასაბამი მისცა ქართ. სცენაზე დრამის დამკვიდრებას. ა.-ხ-ის შემოქმედება გამორჩეულია მხატვრული სისადავით.
პირველმა შეასრულა ქართ. სცენაზე თამარის (კ. მესხის „თამარ ბატონიშვილი“), ქეთევანის (დ. ერისთავის „სამშობლო“), მარინეს (ვ. გუნიას „და-ძმა“), ჰენრიეტას (ა. დენერის „ორი ობოლი“), ოფელიას (უ. შექსპირის „ჰამლეტი“), ივდითის (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), მარგარიტა გოტიეს (ა. დიუმას „მარგარიტა გოტიე“), ამალიას (ფ. შილერის „ყაჩაღები“), მაგდას (გ. ზუდერმანის „მამულ-დედული“) და სხვ. დრამ. როლები. იყო ლ. მესხიშვილის, კ. ყიფიანის, კ. მესხის, ვ. აბაშიძის, მ. საფაროვას, ნ. გაბუნიას ღირსეული პარტნიორი.
შ. ცუცქირიძე