ავიძბა მერი ხაფიზის ასული (24. I. 1917, სოხუმი, – 5. XI. 1986, იქვე), პირველი აფხაზი მფრინავი ქალი. 1938 დაამთავრა ქ. ბატაისკის საფრენოსნო სკოლა და სამუშაოდ გაგზავნეს სოხუმის აეროკლუბში. მეორე მსოფლიო ომმა ა-ს ლენინგრადში მოუსწრო, აქ იგი სამხ.-სამედ. აკად. მსმენელი იყო. ა. ფრონტის სხვადასხვა ხაზზე იბრძოდა. ომის განმავლობაში მის ანგარიშზე იყო 477 საბრძოლო გაფრენა. დაჯილდოებულია სამამულო ომის I და II ხარისხის ორდენებითა და მედლებით.