ალგეთის სამარხი, წინწყაროს სამარხი, ძვ. წ. IV ს. არქეოლოგიური ძეგლი.
აღმოჩენილია 1940 ალგეთის ხეობაში სოფ. წინწყაროსთან (თეთრი წყაროს მუნიციპ.).
ა. ს. წარმოადგენდა ქვაყუთს, რ-იც მდიდრულ ინვენტარს შეიცავდა და, როგორც ჩანს, ადგილ. წარჩინებული პირის სამარხი იყო. აქ იპოვეს მიცვალებულის ბაგეებსა და თვალებზე დასაფარებელი ელექტრუმის ორნამენტირებული ფირფიტები და 3 ბალთა, ელექტრუმისა და ვერცხლის სამაჯურები, რკალგახსნილი, ფარაკიანი ვერცხლის ბეჭდები, ვერცხლისა და ბრინჯაოს საკინძები, ლანგრები, მინის ფიალა, ვერცხლის ჩამჩა, კაპარჭის ვერცხლის გარსაკრავი, ბრინჯაოს სამფეხი და ისრისპირი, ახალგორული ტიპის ბრინჯაოს სამი ლაგამი და ცხენის აკაზმულობის სხვა ნაწილები. ელექტრუმის ბალთებსა და ფარაკიან ბეჭდებზე გამოსახულია მითოლ. პერსონაჟები. ა. ს-ში მოპოვებული ნივთები ქრონოლოგიურად და ხასიათიაც ახლოს დგას ახალგორის განძთან და მოწმობს საქართვ. მოსახლ. მკვეთრ ეკონ. და სოც. დიფერენციაციას ძვ. წ. I ათასწლ. შუა ხანებში.
ნივთები დაცულია აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმში.
ი. გაგოშიძე