ალგეთი

ალგეთი მდინარე

ალგეთი, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, თეთრი წყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.

მტკვრის მარჯვ. შენაკადი (ერთვის სოფ. ქეშალოს მახლობლად). სიგრძე 118 კმ, აუზის ფართ. 763 კმ2. სათავეს იღებს თრიალეთის ქედის სამხრ. კალთაზე, კლდეკარის მახლობლად, 1900 მ სიმაღლეზე. ზემოწელში მოედინება სამხრ.-აღმ-კენ ღრმა, ტყიან, ხოლო სოფ. ტბისიდან – ვიწრო, კლდოვან ხეობაში, მარნეულთან გამოდის ვაკეზე. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წლ. ჩამონადენის დაახლ. 45%-ს შეადგენს წვიმის, 25%-ს – თოვლის, 30%-ს – მიწისქვეშა წყალი. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს, წლის სხვა დროს წყალმცირეა. ჩამონადენის მინიმუმი ოქტომბერშია, გაზაფხულზე მოდის წლ. ჩამონადენის 48,1%, ზაფხულზე – 32,4%, ზამთარზე – 11,6%, შემოდგომაზე – 7,9%. ა-ზეა წყალსაცავი, რ-საც იყენებენ სარწყავად.

ა-ის ხეობაში არის ამავე სახელწოდების ნაკრძალი და ლითოგრაფიული ქვის საბადო.

ი. აფხაზავა