ალგეთის ეროვნული პარკი, მდებარეობს თრიალეთის ქედზე, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, მდ. ალგეთის მარცხ. მხარეს.
ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1965, ხოლო 2007 მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი. ფართობი 6822 ჰა. რელიეფი მთაგორიანია. ფართობის უმეტესი ნაწილი (5835 ჰა) დაფარულია წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით. ნაკრძალის მიზანია დაიცვას აღმოსავლური ნაძვისა და კავკასიური სოჭის გავრცელების უკიდურესი აღმ. საზღვარი საქართველოში, სხვა ძვირფასმერქნიანი ტყის მცენარეები და ნაკრძალის ფაუნა - შველი, გარეული ღორი, თეთრყელა კვერნა, დათვი, კურდღელი, 80-ზე მეტი სახეობის ფრინველი და სხვ. ნაკრძალს კურორტოლოგიური, წყალშემნახავი და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობაც აქვს.
კ. მამისაშვილი