ალგეთის ხეობა, ხეობა („ქვეყანა“) ისტორიული ქვემო ქართლის ჩრდ. ნაწილში.
ჩრდ-ით ესაზღვრება თრიალეთის ქედი, აღმ-ით – მდ.მტკვარი, სამხრ-ით – მდ. ხრამი და წინწყაროს პლატო, დას-ით – წალკის ქვაბული და ბედენის ქედი. არქეოლ. გათხრების შედეგად აღმოჩენილია ადრინდ. სამიწათმოქმედო და ენეოლით-ადრინდ. ბრინჯაოს ხანის მოსახლ. კვალი (კიკეთი, აბელია, ფარცხისი, არდისუბანი, მუხათი); ხეობის ზემოწელის სამხრ.-დას-ით, ბედენის ქედზე, გათხრილია ადრინდ. ბრინჯაოდან შუა ბრინჯაოზე გარდამავალი ეპოქის, ე. წ. ბედენური კულტურის ვეებერთელა ყორღანები; ნაპოვნია გვიანდ. ბრინჯაოსა და ადრინდ. რკინის ხანის ძეგლები. მეტწილად სამოსახლო გორებზე (ზირბითი, ჩხიკვთა, მაწევანი, თონეთი, საფუძრები, არხოტი და სხვ.). მათგან ზოგს შემოვლებული აქვს მშრალი წყობით ნაგები ე. წ. ციკლოპური გალავანი. გვიანდ. ბრინჯაოს ხანის ვრცელი სამაროვანია შესწავლილი ა. ხ-ის შუაწელზე – „მადნისჭალაში“. ძნელად მისადგომი ბუნებრივი სიმაგრეები იყო უძველესი სამოსახლოები – ლოდოვანები (ბედენის, ლაკვის, გოხნარის, დურნუკისა და სხვ.), რ-თაც დიდი ხნის მანძილზე იყენებდნენ საცხოვრებლად. ადრინდ. ანტ. ხანის ძეგლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ალგეთის სამარხი. ამავე ხანის ძეგლებია აღმოჩენილი აბელიაში, მანგლისში, არდისუბანში, ასურეთში. მანგლისშივეა მიკვლეული ელინისტური ხანის მასალა (ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებიანი მონეტები, ბრინჯაოს ნივთები). როგორც ჩანს, მანგლისი, სადაც დიდი სავაჭრო-ეკონ. და სამხ.-სტრატეგიული მნიშვნელობის გზები გადიოდა, ადრევე იქცა ა. ხ-ის ერთ-ერთ ცენტრად.
ვახტანგ გორგასლის დროს იგი საეპისკოპოსოს ცენტრი გახდა და ამ დროიდან მთელმა ა. ხ-მ „მანგლისის ხევის“ სახელი მიიღო. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მანგლისის ხევის საზღვრები სცილდებოდა ა. ხ-ის გეოგრ. ფარგლებს და ვერეს (სკვირეთის) ხეობის დიდ ნაწილს მოიცავდა.
ქართლში არაბთა დამკვიდრების შემდეგ ქვემო ქართლი და მასთან მანგლისის ხევიც თბილ. საამიროს შემადგენლობაში მოექცა. IX ს. ბოლოს თრიალეთს ბაღვაშები დაეპატრონნენ და ა. ხ-ის თავში კლდეკარის ციხე ააგეს. ა. ხ. ორ პოლიტ. ერთეულს შორის გაყოფილი აღმოჩნდა. მისი ზემოწელი კლდეკარის საერისთავოში შედიოდა. ქვემოწელი კი თბილ. საამიროს შემადგენლობაში რჩებოდა. თბილ. საამიროს იცავდა ორბეთის, ბირთვისისა და ფარცხისის ციხეთა ძლიერი ერთიანი სისტემა, რ-იც გადამწყვეტ როლს თამაშობდა ა. ხ-ის პოლიტ. ცხოვრებაში. ვინც მას ფლობდა, ის იყო ა. ხ-ის ბატონ-პატრონი. ამიტომ იყო, რომ კლდეკარის ერისთავები თავგამოდებით ებრძოდნენ თბილ. ამირებს ამ ციხეებისათვის. ბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. XII ს. დასაწყისში დავით აღმაშენებელმა გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ა. ხ. სამეფო მამულად აქცია. განვითარებულ შუა საუკუნეებში ეს იყო მჭიდროდ დასახლებული და დაწინაურებული „ქვეყანა“, რასაც მოწმობს ამ ხანის უამრავი ნასოფლარი და მატერ. კულტ. ძეგლი. აქ იყო საქართვ. მეფეთა საზაფხულო რეზიდენციები: კოჯორი, ტაბახმელა და გუდარეხი.
იმის გამო, რომ ა. ხ-ის ზემო და ქვემოწელი რელიეფითა და ჰავით საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისაგან, აქ მეურნ. მრავალი დარგი იყო განვითარებული. ხეობის ქვემოწელში წამყვანი ადგილი ოდითგანვე სახნავ მიწათმოქმედებას ეკავა. გვიანდ. ფეოდ. ხანაში ეს მხარე გაპარტახდა და მომთაბარე თურქმანი ტომების საზამთრო საძოვრებად იქცა. ხეობის შუაწელში განვითარებული იყო მევენახეობა. მოჰყავდათ მარცვლეული კულტურები. ზემოწელში უმთავრესად მემინდვრეობა და მესაქონლეობა იყო გავრცელებული. ა. ხ-ზე გადიოდა ცნობილი „ცხვრის გზა“. თრიალეთ-ჯავახეთის საძოვრებისაკენ მიმავალი კახეთის ცხვარი გაივლიდა კოჟრისა (კოჯრის) და ორბეთის ციხეების ძირას და მდ. ალგეთზე გადებული სპეც. ცხვრის ხიდით ადიოდა ბედენის ქედზე, რ-იც უშუალოდ თრიალეთს ეკვრის.
XV ს-თვის, როდესაც საქართვ. ფეოდ. საზ. ურთიერთობაში ახ. ვითარება შეიქმნა და სათავადოების სისტემა წარმოიშვა, ა. ხ. ქციისა (ხრამის) და მაშავრის ხეობებთან ერთად საბარათიანოს შემადგენლობაში მოექცა. XVI–XVII სს-ში საბარათიანო რამდენიმე სათავადოდ დაიშალა, რ-თა დიდი ნაწილი ისევ ა. ხ-ში ჩამოყალიბდა (საგოსტაშაბსშვილო – ცენტრი ამლივ-ტბისი, საგერმანოზიშვილო – ცენტრი გუდარეხი და ა. შ.). XIX ს-ში ა. ხ. თბილ. გუბ. ბორჩალოს მაზრის შემადგენლობაში შედიოდა. ამჟამად ა. ხ-ის ზემოწელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, ქვემოწელი – მარნეულის მუნიციპალიტეტს.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
თ. თორდია