ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (იმერეტინსკი) (1674, თბილისი, 20. II. – 1711 პიტეო), მეფე არჩილ II-ის ძე, ქართული კულტურის მოღვაწე, მწერალი, მოსკოვის ქართული ახალშენის მეთაური, რუს. არმიის პირველი გენ.-ფელდცოიხმაისტერი (1700).
აღზრდა-განათლება მიიღო სამეფო კარზე. მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ქუთაისშიც. 1680-იდან ოჯახთან ერთად ოსეთში იყო. 1682 ასტრახანში ჩავიდა. 1684 რუს. ხელმწიფის მიწვევით ძმასთან, მამუკასთან ერთად სახლთუხუცეს ნ. ჯორჯაძის თანხლებით მოსკოვში ჩავიდა, სადაც ბოიარინ დ. ნიკოლაევის სასახლეში ცხოვრობდა. არჩილ II-ის მოსკოვში ჩასვლის შემდეგ ა. ბ. დააქორწინეს ბოიარინ ი. მილოსლავსკის ასულზე – ფეოდოსიაზე. არქიმანდრიტ ლავრენტის (გაბაშვილი) ელჩობის შედეგად არჩილ II ვაჟებთან ერთად საქართველოში გამოემგზავრა, მაგრამ 1689 შემოდგომაზე ა. ბ. ჩრდ. კავკასიიდან უკან გაბრუნდა.
1691 ალექსანდრე და მამუკა ბატონიშვილებს მოსკოვში საკუთრებად უბოძეს ბოიარინ ვ. გოლიცინის ყოფილი სასახლე კარის საყდრიანად, ხოლო ქალაქგარეთ – სოფ. ვსესვიატსკოე და სხვ. ა. ბ. ღრმად დაეუფლა რუს. ენასა და ლიტ-რას, უცხო ენებს, სამხ. ხელოვნებას; წარმატებით უძღვებოდა ქართველთა ახალშენის კულტ. და სამეურნეო საქმიანობას. 1697 პეტრე I-ის „დიდ ელჩობასთან“ ერთად იგი ევროპაში გაემგზავრა. ჰააგაში სამხ. ხელოვნებაში იმაღლებდა ცოდნას, ერთხანს ამსტერდამში იყო, შემდეგ ინგლისში გაემგზავრა. 1699 ბოლოს მოსკოვში დაბრუნდა. იმ დროისათვის მოსკოვში ჩავიდა არჩილ II. პეტრე I-მა მამა-შვილს დამატებით ვრცელი მამულები უბოძა ნიჟნი-ნოვგოროდის მხარეში. ა. ბ. მეორედ დაქორწინდა გლიკერია დავითაშვილზე, რ-თანაც შეეძინა ქალიშვილი სოფიო.
ა. ბ-ის ინიციატივით ხორციელდებოდა რუს. არმიის გარდაქმნა, საქმისმცოდნე კადრებით დაკომპლექტება, შეიარაღების გაუმჯობესება და არტილერიის რეორგანიზაცია. მაგრამ ამ საქმის დასრულებას ხელი შეუშალა 1700 შვედეთთან ომის დაწყებამ. იმავე წლის ნოემბ-ში ნარვის ბრძოლაში შვედებმა ა. ბ. მოტყუებით ტყვედ ჩაიგდეს. 10 წელი შვედეთში, ტყვეობაში გაატარა.
ა. ბ. მოსკოვში ჩასვლისთანავე სათავეში ჩაუდგა (მამასთან ერთად) იქ გაშლილ სამწერლო და მთარგმნელობით საქმიანობას. XVII ს. 90-იან წლებში მოსკოვიდან სამშობლოში გამოგზავნა ხატები, წმინდანთა ნაბეჭდი პორტრეტები და ძვ. სლავურიდან ქართულად თარგმნილი ხელნაწერი წიგნი „პროლოგ-სვინაქსარი“. ჯერ კიდევ ევროპაში „დიდი ელჩობის“ დროს ამსტერდამში დაუკავშირდა ცნობილ აღმოსავლეთმცოდნე ნ. ვიტსენს, მიაწოდა მას მასალები საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და დამწერლობაზე, მასვე ჩააწერინა ქართ. სალექსიკონო მასალა. შვედეთში იძულებითი ყოფნის დროს ა. ბ. დაუახლოვდა სასახლის წევრებს, სენატორებს, მეცნიერებს, უცხოელ დიპლომატებს, მწერლებს, მხატვრებს (აქ შეიქმნა მისი რამდენიმე პორტრეტი). ა. ბ-მა სტოკჰოლმში განაახლა ზრუნვა ქართ. შრიფტის დამზადებაზე, შეხვდა თავისი ოჯახის მეგობარს, მეცნიერსა და დიპლომატს ი. გ. შპარვენფელდტს, რ-მაც ადრე ქართ. პუანსონები დაამზადებინა უნგრელ სპეციალისტს მ. კიშს. ა. ბ-მა თვითონაც დაამზადებინა მცირე ზომის ქართ. პუანსონები და რუსეთში გააგზავნინა. აღნიშნული შრიფტით შემდეგ რამდენიმე ქართ. ლოცვა დაიბეჭდა შვედეთში. ა. ბ-მა მეფის ოჯახისა და საბჭოს წევრების ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა, თუმცა ზოგჯერ ეჭვის თვალითაც უყურებდნენ მის ქართულად („გეორგიანულად“) საუბარს, რადგან ეს ენა „ტყვეების საიდუმლო“ ენად მიაჩნდათ. მას ადრევე დართეს სეირნობისა და საზ-ბაში ყოფნის უფლება, მაგრამ მისი მსახურის გაქცევის უშედეგო ცდამ, მდგომარეობა შეცვალა. 1701 ა. ბ-თან მოსკოვიდან ჩავიდა მისი ცოლისძმა ი. დავითაშვილი. 1706, იმ საბაბით, რომ ტყვეს აუცილებლად სჭირდებოდა საკუთარი მოძღვარი, არჩილმა ბერძნ. ენის მცოდნე ცნობილი მთარგმნელი ბაგრატიოს მთაწმინდელი (სოლოღაშვილი) გაუგზავნა, რ-მაც მას მოსკოვში დაბეჭდილი პირველი ქართ. წიგნი „დავითნი“, ქართ. ხელნაწერი წიგნები და ხატები ჩაუტანა. 1705 ა. ბ. გადაიყვანეს ქ. ლინჩეპინგში, აქედან 1706 – სტოკჰოლმში. ამ პერიოდში მან რუსულიდან ქართულად თარგმნა „სადიდებელნი გალობანი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესნი“ (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფონდი A–347). ბ. სოლოღაშვილის ჩასვლის შემდეგ ა. ბ-მა კიდევ უფრო გაააქტიურა მუშაობა; მას მიაკუთვნებენ ბერძნულიდან ქართულად გადმოღებულ იმპ. ბასილი მაკედონელის ანდერძს – „ტესტამენტს“, რ-იც 1739 დაიბეჭდა მოსკოვში. მნიშვნელოვანია ა. ბ-ის მიერ ქართ. ენაზე შედგენილი და ლამაზად გაფორმებული სასწ. წიგნი არტილერიის დარგში, რ-საც შემდეგში სახელმძღვანელოდ იყენებდნენ. პეტრე I-ის და არჩილ II-ის მრავალი ცდის მიუხედავად, ა. ბ-ის ტყვეობიდან დახსნა დიდხანს ვერ მოხერხდა. პოლტავასთან შვედეთის მეფის კარლ XII-ის დამარცხების შემდეგ, 1711, ა. ბ-ს სხვა რუს გენერლებთან ერთად სამშობლოში დაბრუნების უფლება დართეს, მაგრამ გზაში მოულოდნელად გარდაიცვალა.
დაკრძალულია მოსკოვის დონის მონასტრის უფლის მირქმის ტაძარში.
ლიტ.: გონიკიშვილი მ., ბაგრატიონთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში, თბ., 1986: სიხარულიძე ფ., მასალები საქართველო-შვედეთის ურთიერთობის ისტორიისათვის, კრ.: მეგობრობა, ტ. 2, თბ., 1981; Пали Х., Между двумя боями за нарву, Таллин, 1966; Хмыров М., Первый генерал-Фельдцейхмейстер царевич Имеретинский, «Артиллерийский журнал», 1865, № 1; Эсадзе Б., Фельдцейхмейстер русской артиллерии царевич Александр Арчилович, Тфл., 1913; Aspelin e., Elias Brenner, Helsingfors, 1896; Jacobovskij C. V., J. G. Sparwenfeldt, Stocкholm, 1932.
ფ. სიხარულიძე