ალექსანდრე ბაქარის ძე (ბაგრატიონი) (1723, თბილისი, – 1791, სმოლენსკი), ქართლის სამეფო ტახტის პრეტენდენტი, ვახტანგ VI-ის შვილიშვილი, მოსკ. ქართული ახალშენის მეთაური.
სწავლა-განათლება მიიღო რუსეთში. იყო გვარდიის ოფიცერი.
ა. ბ. თავს ქართლის ტახტის მემკვიდრედ თვლიდა და ვერ ურიგდებოდა ქართლში თეიმურაზ II-ისა და შემდეგ ერეკლე II-ის მეფობას. ამიტომ ბაქარის გარდაცვალებისთანავე (1750) დაიწყო ბრძოლა ქართლის ტახტის ხელში ჩასაგდებად. 1763-იდან ფარულად ემზადებოდა საქართველოში წამოსასვლელად, მაგრამ უნებართვოდ წამოსვლა ვერ მოახერხა. 1766 ეკატერინე II-ის ბრძანებით სამხ. წოდება ჩამოართვეს და სამშობლოში გამგზავრების ნება დართეს. 1767 შირაზში ქერიმ-ხანთან მივიდა და დახმარება სთხოვა. დიდი ხნის უშედეგო ლოდინის შემდეგ სოლომონ I-ის მიწვევით იმერეთში ჩავიდა. ქართლშიც მომხრეები აღმოაჩნდა. 1779, როცა ერეკლე II ერევანში იყო სალაშქროდ, ა. ბ-მ სცადა ქართლში აჯანყების მოწყობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 1782 ა. ამილახვართან ერთად დაღესტანში ფათალი-ხანთან გადავიდა. ერეკლე II-ის თხოვნით, რუს. მთავრობამ 1783 ა. ბ. შეიპყრო და მკაცრი პოლიტ. ზედამხედველობის ქვეშ სმოლენსკში გადაასახლა, სადაც პატიმრობაში გარდაიცვალა.
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველო XVIII საუკუნეში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; Макарова О. П., Феодальная реакция на прогрессивную политику единодержавия в Грузии (выступление князя Александра Грузинского, 1766–1783 гг.). კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966.
ფ. სიხარულიძე