ალექსანდროვი ვასილი გიორგის ძე [24. V (5. VI). 1887, სანქტ-პეტერბურგი,–16. I. 1964, იქვე], რუსი ბოტანიკოსი, მცენარეთა ანატომიის სკოლის დამაარსებელი საქართველოში.
1913 დაამთავრა პეტერბ. სახელმწ. უნ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტი, 1915 – 27 მუშაობდა თბილ. ბოტან. ბაღის მცენარეთა ფიზიოლ. ლაბორატორიაში, რ-იც დააარსა 1913 ნ. მაქსიმოვმა. 1917-იდან, მაქსიმოვის თბილისიდან გამგზავრების შემდეგ, ა. ამ ლაბორ. ხელმძღვანელი იყო. 1918–27 კითხულობდა მცენარეთა ანატ. და ფიზიოლ. კურსს თსუ-ში., 1927–29 ტომსკის უნ-ტის პროფესორი; 1929–42 მუშაობდა ლენინგრ. მემცენარეობის საკავშ. ინ-ტში, სადაც ჩამოაყალიბა რუსეთში პირველი მცენარეთა ანატ. ლაბორატორია. 1942-იდან განაგებდა სსრკ მეცნ. აკად. ლენინგრ. ბოტან. ინ-ტის მცენარეთა ანატ. და მორფოლ. განყ-ბას. ა-ის თბილისში მუშაობის პერიოდს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში მცენარეთა ანატ. განვითარებისათვის. 1917–29 თბილისი ითვლებოდა მცენარეთა ანატ. ერთადერთ კერად სსრკ-ში. ამ პერიოდში ა-მა შეისწავლა ერთ და ორლებნიან მცენარეთა სტრუქტურული ცვლილებები გვალვაგამძლეობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბალახოვან მცენარეთა, აგრეთვე ჩაის, ვაზისა და სხვ. მერქნიან მცენარეთა ანატ. შესწავლაში. ა. მრავალი თვალსაჩინო გამოკვლევისა და ორიგინ. სახელმძღვანელოს, მ. შ. „მცენარეთა ანატომიის“ ავტორია.
ა-ის ქართვ. მოწაფეთა შორის აღსანიშნავი არიან ქ. აბესაძე, ქ. ცხაკაია, ნ. მახარაძე, ნ. ჩახნაშვილი, ლ. ჯაფარიძე და სხვ.
თ. კეზელი