ალექსი-მესხიშვილი ლადო სარდიონის ძე

ვ. ალექსი-მესხიშვილი
ვ. ალექსი-მესხიშვილი. ურიელ აკოსტა (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“).

ალექსი-მესხიშვილი ვლადიმერ სარდიონის ძე, ლადო მესხიშვილი [16 (28). II. 1857, თბილისი, - 24. XI. 1920, იქვე], მსახიობი და რეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (წოდება მიენიჭა გარდაცვალების შემდეგ, 1930).

სწავლობდა თბილ. ერთ-ერთ კერძო პანსიონში, შემდეგ – მოსკ. უნ-ტის სამედ. ფაკ-ტზე. ავადმყოფობის გამო უნ-ტი ვერ დაამთავრა, სამშობლოში დაბრუნდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა თელავის ქალთა სასწავლებელში. აქ სამ წელიწადს იმსახურა, პარალელურად მონაწილეობდა რუს სცენისმოყვარეთა სპექტაკლებში. 1881 შევიდა თბილ. ქართ. დრამ. დასში. 1887–90 რუს. სცენაზე გამოდიოდა. 1890–96 ხელმძღვანელობდა თბილ., 1897–1906 – ქუთ. ქართ. დრამ. დასებს, 1905 ა.-მ რევ. ლექსებს კითხულობდა მიტინგებზე. ტირანიისა და სოც. უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდა მისი დადგმებიც (ვ. მონტის „გაიუს გრაკქუსი“ და გ. ჰაუპტმანის „ფეიქრები“), რ-ებშიც თვითონვე ასრულებდა მთავარ როლებს. 1906–10, 1915–20 რუს. სცენაზე მოღვაწეობდა (1907 მოსკ. სამხატვრო თეატრში). 1910–14 სათავეში ედგა თბილ., 1914–15 ქუთ. თეატრებს. იგი თავის სცენურ სახეებს წარმოსახავდა რომანტ. მგზნებარებით, პოეტური აღმაფრენით. მისი საუკეთესო როლები: ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის „სამშობლო“), გაიოზ ფაღავა (ვ. გუნიას „და-ძმა“), სულეიმანი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ჰამლეტი (უ. შექსპირის „ჰამლეტი“), ურიელ აკოსტა (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), კეისარი (შექსპირის „იულიუს კეისარი“), ფრანც და კარლ მოორები (ფ. შილერის „ყაჩაღები“), რუი ბლაზი (ვ. ჰიუგოს „რუი ბლაზი“). საინტერესოა ა.-მ-ის მიერ შექმნილი კომ. და სახასიათო სახეებიც: რასპლუევი (ა. სუხოვო-კობილინის „კრეჩინსკის ქორწინება“), გოროდნიჩი (ნ. გოგოლის „რევიზორი“) და სხვ. დადგმული აქვს 100-ზე მეტი პიესა, აღზარდა ქართ. სცენის მრავალი ოსტატი. ა.-მ-მა ქართ. სცენისათვის თარგმნა არაერთი დრამ. ნაწარმოები.

1915 რუსეთში ყოფნის დროს, მოსკოვის კინოფირმამ „პ.ტიმანი და ფ. რეინგარდტი“ მიიწვია „რუსული ოქროს სერიის“ (რუსკაია ზოლოტაია სერია“) ფ-ში მონაწილეობის მისაღებად 1917–19 იმუშავა ახალდაარსებული კინოფირმაში „ბიოფილმი“ მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმებიდან შემორჩენილია მხოლოდ ორი: „ორლოკების სახლის სირცხვილი“ (რეჟ. ვ. ტურჟანსკი, 1918) და „შურისძიების ღმერთი“ (რეჟ. ა. შიფმანი, 1918).

1940 ა.-მ-ის სახელი მიენიჭა ქუთ. დრამ. თეატრს.

ლიტ.: ბურთიკაშვილი ა., ლადო მესხიშვილი, თბ., 1962; ზურაბიშვილი ი., ოთხი პორტრეტი, თბ., 1949; ნარიმანოვი ზ., ორი სეზონი მესხიშვილთან, თბ., 1957; ფაღავა ა., ლადო მესხიშვილი, თბ., 1957.