ალექსიძე ნუგზარ გიორგის ძე (დ. 9. VII. 1935, ქ. სენაკი), ბიოქიმიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1988), ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1978), პროფესორი (1979).
დაამთავრა თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტი. 1959 მუშაობა დაიწყო თსუ-ის ცხოველთა ფიზიოლ. კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ უფროს მასწავლებლად, დოცენტად. 1973-იდან ხელმძღვანელობს თსუ-ის ბიოქიმ. და ბიოტექნოლ. კათედრას, 1983-იდან დარგობრივი №1 ბიოტექნოლ. ლაბორ. ხელმძღვანელია. თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტზე კითხულობს ზოგადი ბიოქიმ. კურსს და ნეიროქიმ. სპეცკურსს.
ა-ის შრომები ეხება ცენტრ. ნერვული სისტემის აქტივობის მოლეკულური და უჯრედული საფუძვლების ფუნდამენტურ საკითხებს, თავის ტვინის სხვადასხვა უბანში აცეტილქოლინური სისტემის და ნეიროსპეციფიკური ცილების, მ. შ. ლექტინების ცვლას ცხოველთა სწავლებისა და წვრთნის პროცესში.
ა. მუშაობს აგრეთვე გამოყენებითი ბიოტექნოლ. სფეროში. მის მიერ დამუშავებულია რამდენიმე მცირე და უნარჩენო წარმოების ტექნოლოგია, რ-თაც დიდი სას.-სამ. და ეკოლ. მნიშვნელობა აქვთ. აქვს 15 გამოგონების საავტორო მოწმობა, აქედან 5 პრაქტიკულად არის დანერგილი. ა. არის ევრ. ნეიროქიმიკოსთა საზ-ბის წევრი, ჟურნ. „ნეიროხიმიის“ სარედაქციო საბჭოს წევრი და სხვ. 1990-იდან საქართვ. ბიოქიმ. საზ-ბის პრეზიდენტი. მიღებული აქვს ი. ჯავახიშვილის მედალი (1976) და სახელმწიფო ჯილდოები.
თხზ.: ნეიროქიმიის საფუძვლები, თბ., 1992; Нейрохимические аспекты памяти, Тб., 1980 (თანაავტ.: П. А. Кометиани, Е. Э. Клейн); Молекулярные и клеточные механизмы интегративной деятельности головного мозга, Тб., 1988.