ახალგორის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, (შიდა ქართლის რეგიონი), მდებარეობს შიდა ქართლში. აღმ-ით ესაზღვრება დუშეთის, დას-ით ‒ გორის, ჩრდ-ით ‒ ჯავისა და ყაზბეგის, სამხრ-ით ‒ კასპის მუნიციპალიტეტები. ფართ. 1011,2 კმ². ცენტრი – დაბა ახალგორი. ა. მ-ში არის 1 დაბა, 119 სოფელი, 9 თემი: ბოლის (ცენტრი ‒ ბაზუანი), გდუს, დორეთკარის, ზახორის (ცენტრი ‒ ქვემო ზახორი), კორინთის, ლარგვისის, სალბიერის, ქარჩოხის (ცენტრი – ბალაანი), წინაგრის.
ისტორიული ცნობა. ა. მ-ის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების ნიშნები უწყვეტად ჩანს ძველი ქვის ხანიდან; ინტენს. ხასიათი მიიღო გვიანდ. ბრინჯაოსა და ანტ. ეპოქაში. აღმოჩენილია ადრინდ. ანტ. ხანის საძეგურისა (ახალგორის განძი) და ყანჩაეთის მდიდრული სამარხები.
ძვ. წ. III ს-იდან ა. მ-ის ტერიტ. შევიდა შიდა ქართლის საერისთავოს ანუ სასპასპეტოს შემადგენლობაში. ადრინდ. ფეოდ. ხანაში აქ შეიქმნა ორი ადმ.-ტერ. ერთეული ‒ ცხრაძმისხევი და ქსნისხევი. XIII ს. II ნახევარში ქართლის საერისთავოს გამოეყო ქსნის საერისთავო, რ-იც ახლანდ. ა. მ-ის ტერიტორიას მოიცავდა; XV ს-იდან იგი სათავადოდ ჩამოყალიბდა. 1777 მეფე ერეკლე II-მ გააუქმა ქსნის საერისთავო და ქსნის ხეობა გადასცა უფლისწულ გიორგის (შემდეგში ეს მიწები გიორგიმ თავის შვილებს იოანესა და ბაგრატს გაუნაწილა). ეკლესიური მმართველობის თვალსაზრისით ა. მ-ის ტერიტ. შედიოდა სამთავისისა და წილკნის საეპისკოპოსოებში. XIX ს-ში ა. მ-ის ტერიტ. ჯერ თბილისის გუბ. ანანურის მაზრაში, შემდეგ დუშეთის მაზრის შემადგენლობაში შევიდა. 1922–90 შედიოდა ყოფ. სამხრ. ოსეთის აო-ში; 1934–90 ეწოდებოდა ლენინგორის რ-ნი.
ბუნება. ა. მ-ის ძირითადი ოროგრ. ერთეულებია: ყელის მაღალმთიანი ვულკანური ზეგანი; ხარულის, ალევის, არხისა და ფაჩურის ქედები; მდ-ების ქსნისა და ლეხურის ხეობები. ტერიტ. უმეტესი ნაწილი ქსნის აუზშია, დანარჩენი – ლეხურის აუზში. ზედაპირის აბსოლ. სიმაღლე სხვადასხვაა (700-იდან 3627 მ-მდე). უკიდურესი ჩრდ. ნაწილი აგებულია ზედაიურული ფლიშით – მერგელოვანი ფიქლებითა და კირქვებით და მნიშვნელოვან ფართობზე დაფარულია მეოთხეული, უმთავრესად გვიანდ. პლეისტოცენური ლავებით. უფრო სამხრ-ით გავრცელებულია ცარცული სისტემის ნალექები, სადაც მორიგეობენ განედურ ვიწრო ზოლებად გაწოლილი ქვედაცარცული ფლიში და ზედაცარცული წყებები. სამხრ. ნაწილი აგებულია ნეოგენური და პალეოგენური ტერიგენული ნალექებით. ერთგან ზედაპიზე ამოდის ზედაიურული კირქვების ვიწრო ზოლი, რ-იც ლორწომის კლდეზე გადის და დაკავშირებულია სამხრ-კენ წამოცოცებულ ტექტონ. განფენთან. ყველა წყება, ყელის ზეგნის ლავების გამოკლებით, ინტენსიურადაა დანაოჭებული, ხოლო ზედაიურულ ფლიშში ჩამოყალიბებულია იზოკლინური ნაოჭები და ქერცლისებრი სტრუქტურები. მუნიციპ-ის სამხრ. ნაწილში განვითარებულია ტერასული ალუვიონი. ყელის ზეგანზე შეხამებულია ახალგაზრდა ვულკ. ფორმები – ლავური პლატოები, ცენტრ. ვულკანები და ტბიანი ქვაბულები. ზეგანზე ამართულია ყელის, ნაროვნის (3247 მ) მთები; ხარულის ქედზე – მთა წითელი ხატი (3026 მ). ტბიანი ქვაბულებიდან ზოგიერთი (ყელის ტბა, არჩვების ტბა, წითელი ხატის ტბები) გაჩენილია ვულკანიზმისა და პლეისტოცენური გამყინვარების ერთობლივი მოქმედებით. ზეგანზე ფართოდაა გავრცელებული პერიგლაციალური ფორმები. მუნიციპ-ის უმეტესი ნაწილი უკავია მაღალ- და საშუალმთიან ეროზიულ რელიეფს, რ-იც მაღალ ზონებში – ფაჩურის, ხარულის, ალევის ქედების ჩრდ. მონაკვეთებზე გართულებულია ძველმყინვარული ცირკებითა და კარებით. მუნიციპ-ის სამხრ. ნაწილში მდ-ების ქსნისა და ლეხურის ხეობები ფართოვდება და რელიეფი იძენს ბორცვიან ტერასულ ხასიათს.
ა. მ-ის ტერიტ. დაბალ ზონაში (800 – 900 მ-მდე) ზომიერად ნოტიო ჰავაა; იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 9,6ºC, იანვ. –1,6ºC, ივლ. 20,3ºC; აბსოლ. მინ. –28ºC, აბსოლ. მაქს. 38ºC, ნალექები 650 მმ. წელიწადში. კლიმ. ზონალურობის შესაბამისად, სიმაღლის მატებასთან ერთად, ტემპ-რა კლებულობს და ყელის ვულკ. ზეგანზე საშ. წლ. ტემპ-რა –5, –6ºC ფარგლებშია. ნალექიანობა მთებში მატულობს და ყელის ზეგანზე 1600 მმ აღწევს. მუნიციპ. მდიდარია ტბებით, მდ-ებით, მინერ. და მტკნარი წყაროებით. მთავარი მდ-ებია ქსანი და ლეხურა. ქსნის შენაკადებიდან აღსანიშნავია ჭურთა, ცხრაძმულა, ცხავათურა და ალეურა. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა – ზაფხულსა და ზამთარში. ტბების უმრავლესობა (ყელის, არჩვების, არხის ტბები) განლაგებულია ყელის ვულკ. ზეგანზე. ორი ტბა არის ხარულის ქედზე (წითელი ხატის ტბები). მინერ. წყაროებით უხვია ჟამურის ხეობა (ქსნის ხეობის ზემო ნაწილი).
რელიეფის ხასიათის შესატყვისად ნიადაგი სიმაღლებრივ ზონებს ქმნის. ტყის ზონის ქვემო ნაწილში გავრცელებულია ყავისფერი, შუა ნაწილში – მცირე და საშ. სისქის ყომრალი, ზემო ნაწილში – ღია და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგი. ტყის ზონის ზემოთ დიდი ფართობი უჭირავს მთის მდელოს კორდიან და კორდიან-ტორფიან ნიადაგს. მდ. ქსნის გასწვრივ მცირედ არის ალუვიური კარბონატული ნიადაგი.
მუნიციპ-ში უმეტესად მთის ტყეები და მთის მდელოებია, მთისწინეთში გავრცელებულია ჯაგრცხილა და ჯაგრცხილნარ-მუხნარი, ზოგან ჯაგეკლიანებიც. მთის ტყის ქვედა ზონაში მუხისა და რცხილის ტყეებია, უფრო ზემოთ გაბატონებულია წიფლნარი, რ-საც ურევია რცხილა, ნეკერჩხალი, მაღალმთის მუხა, არყი. ქვეტყეს ქმნის ფოთოლმცვივანი ჯიშები. ტყის ზონის ზემოთ (1900 – 2000 მ ზემოთ) სუბალპ. და ალპ. მდელოებია, რ-ებსაც იყენებენ სათიბ-საძოვრებად.
მუნიციპ-ში გავრცელებულია კავკასიონის ტყისა და მთა-მდელოს ტიპობრივი ცხოველები: შველი, ირემი, დათვი, მგელი, არჩვი, ჯიხვი, კურდღელი, მელა, ციყვი და სხვ. მაღალ მთებში ბინადრობს კავკასიური შურთხი, კავკასიური როჭო; მრავლადაა ყვავი, ქორი, ჩხიკვი, შაშვი, კოდალა და სხვ.; მდინარეებში – კალმახი, წვერა, ქაშაპი და სხვ.
ძირითადი ლანდშაფტები: 1. ბორცვიან-სერებიანი მთისწინეთი მუხნარ-ჯაგრცხილნარით და ჯაგეკლიანი ბუჩქნარით, ტყის ყავისფერი ნიადაგით; 2. დაბალი მთები მუხნარ-რცხილნარით და ტყის ყომრალი ნიადაგით; 3. საშ. მთები წიფლნარითა და ტყის ყომრალი ნიადაგით; 4. ტყიან-მდელოიანი სუბალპები მთის მდელოს ნიადაგით; 5. ალპ. მდელოები მთის მდელოს კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგით; 6. ვულკ.-ტბიური ალპ. მდელოები. მცირე ფართობი უჭირავს ჭალის (ტუგაის) ლანდშაფტს მდ. ქსნის გასწვრივ.
მოსახლეობის უმეტესობა ქართველები არიან, რ-ებიც აქ უძველესი დროიდან სახლობენ. XVIII ს. დასაწყისში ჟამურისა და ჭურთის ხეობებში გაჩნდა ოსი მოსახლეობა. 1772 ოსები უკვე ალევის ხეობის სათავეებში (საფერშეთი) ცხოვრობდნენ, არიან აგრეთვე სომხები და სხვ. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 600 – 1500 მ. ფარგლებშია.
მეურნეობა. 2008-მდე სოფ. მეურნ. ძირითადი დარგი იყო მეცხოველეობა (მეცხვარეობა, მესაქონლეობა, მეფუტკრეობა). მაღალმთიანი რელიეფის გამო მიწათმოქმედება სუსტად იყო განვითარებული. მოჰყავთ მარცვლეული და ბოსტნეული კულტურები.
მრეწველობა სუსტად იყო განვითარებული. მუშაობს ხე-ტყის, ყველ-კარაქის, ხილის წვენების და ლიმონათის ქ-ნები, კერამ. საამქრო, სარემონტო სახელოსნო. ახალგორიდან იგზავნება ხის მასალა მცხეთის ხის დასამუშ. კომბინატში. მუნიციპ-ში რკინიგზა არ არის. უახლოესი რკინიგზის სადგურია კასპი. კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. 1990 მუნიციპ-ში იყო 2 სკოლამდელი დაწესებულება, ყველა სახის 40 ზოგადსაგანმან. სკოლა, არასრული საშ. სკოლა-ინტერნატი, სამუსიკო სკოლა, 37 ბ-კა, კულტსახლი, კინოთეატრი, 32 საკლუბო დაწესებულება. გამოდიოდა გაზეთი „ახალგორი“. მუნიციპ. რადიოფიცირებულია, იღებენ ტელეგადაცემებს.
მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურებოდა 3 საავადმყოფო, ამბულატორიები, სანეპიდსადგური. ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. ა. მ-ის ტერიტორიაზე მატერ. კულტურის მრავალი ძეგლია, მ. შ. აღსანიშნავია: წირქოლის ციხე (შუა საუკ.) და ეკლესია (VIII ს.), ალევის სამება (VIII–IX სს.), არმაზის (864), მოსაბრუნის ღვთისმშობლის (IX–X სს.), ცხავატის (განვითარებული შუა საუკ.) ეკლესიები, ლომისის უძველესი სალოცავი – წმ. გიორგის ეკლესია (IX – X სს.), ყანჩაეთის კაბენის (VIII ს., გადაკეთებულია XIII ს-ში), ხოფის (IX ს. I ნახევარი), ლარგვისის სამონასტრო ანსამბლები; ახალგორის ხუროთმოძღვრული ანსამბლი, ქსნის ერისთავთა რეზიდენცია (XVII – XIX სს.), ქვენიფნევის ისტ. ციხესიმაგრის ნანგრევები (შუა საუკ.), ქოლოთის, ბერციხის, ქარჩოხის, უკანუბნის, წინკიბის, გრუს ციხეები, ბაგინის კოშკი (XVI – XVII სს.).
ა. მ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
ლიტ.: გვასალია ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983; ზაქარაია პ., ლენინგორის რაიონი. [ისტორიული ცნობარი], თბ., 1981.
გ. ზარდალიშვილი
ლ. მარუაშვილი