ალუბალი

ალუბალი

ალუბალი (Cerasus), მერქნიანი მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა.

აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები, ქოლგა ყვავილედებად შეკრებილი თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები. ნაყოფი წვნიანია, კურკიანი. ცნობილია ა-ის 150 სახეობა. საქართველოში ა. გვხვდება ზ. დ. 1600 მ-მდე. ჩვენში გავრცელებული ა-ები უმთავრესად ჩვეულებრივ ა-ს (C. vulgaris) განეკუთვნება. ველური ფორმები არ გვხვდება. ა-ის კულტ. ფორმებში განასხვავებენ 2 ჯგუფს - ბუჩქოვანსა და ხისებრს. საქართველოში კულტივირებულია ესპანურა, ვლადიმირისა და ლუბსკაია; დარაიონებულია ქართ. ა. და პოდბელსკი.

ა-ს ამრავლებენ თესლით, ფესვის ამონაყარითა და საძირეზე მყნობით. კარგად ხარობს ალუვიურ-კარბონატულსა და თიხნარ ნიადაგებზე. ყინვაგამძლეა, ადრემსხმოიარე (დაახლ. 10 ტ/ჰა). ნაყოფი გემრიელია, შეიცავს 7,3 – 17,5% შაქარს, 0,8–2,4% მჟავას, 0,15–0,88% მთრიმლავ ნივთიერებებს. იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (მურაბა, ჯემი, კომპოტი, ნაყენი, საკონდიტრო ნაწარმი). ა-ის მავნებლები: ალუბლის ხერხია, ალუბლის ხვატარი, ალუბლის ბუზი; დაავადებები: ნაყოფის სიდამპლე, კლასტეროსპორიოზი, ვერტიცილიოზი.

ე. ერისთავი