აწრისხევი, სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტის ბელოთის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), გუდისის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. პატარა ლიახვის მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 1320 მ, გორიდან 55 კმ.
ა. შიდა ქართლის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. XIV ს-ში მეფე ვახტანგ III-მ ა. ქსნის ერისთავს შალვა ქვენიფნეველს უწყალობა. XVIII ს. 30-იან წლებში შანშე ქსნის ერისთავმა აქ ციხე ააგო, რ-იც ყიზილბაშთა წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი დასაყრდენი გახდა.
სოფლის განაპირას, დას-ით მაღალ გორაკზე, დგას IX–X სს. წმ. მარიამის ერთნავიანი ეკლესია. გადამხურავი კამარა ეყრდნობა პილასტრების ერთ წყვილზე ამოყვანილ საბჯენ თაღს, დას-ით ‒ კრონშტეინებზე ამოყვანილ კედლის თაღს. ინტერიერი შელესიალია, საინტერესოდ არის გადაწყვეტილი სწორკუთხა საკურთხეველი. იგი ეკლესიის იატაკის დონეზე ერთი საფეხურით მაღალია, გადახურულია კონქით და ძირითადი მოცულობისაგან სამთაღიანი ქვის კანკელით არის გამოყოფილი. ინტერიერი ნათდებოდა 3 სარკმლით ‒ აღმ., დას. და სამხრ-იდან. ერთადერთი, არქიტრავით გადახურული კარი დას-იდან აქვს. ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვის სწორი რიგებით, გადახურულია ქვის ფილებით. ფასადები სადაა. ამ ტიპის ეკლესიები ძირითადად გავრცელებული იყო შიდა ქართლის მთიან რ-ნებში (ხანდოსა და წინკიბის ეკლესიები) და ხევში. გვხვდება აგრეთვე ქვემო ქართლში, სვანეთსა და კახეთში. იქვე ახლოს დგას 1899 აგებული ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია. ა-ის ციხისაგან მხოლოდ ნანგრევებია გადარჩენილი. გალავანი გამაგრებულია კოშკებით და ბურჯებით. მთავარი, გეგმით სწორკუთხა, კოშკი სამხრ.-დას. ნაწილში დგას. ნაგებია ადგილ. კლდის ქვით. ციხე ისტ. წყაროებში XVIII ს-ში იხსენიება, მაგრამ იგი უფრო ადრე, შუა ფეოდალურ ხანაში ჩანს აგებული.
ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
ლიტ.: ზაქარაია პ., ლარგვისის არქიტექტურული ანსამბლი, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1956, ტ. 19 В; Шмерлинг Р. О., Закарая П. П., Три неизвестных памятника, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1971, № 2.
ჯ. გვასალია
პ. ზაქარაია