ალფაიძე გალაქტიონ ელისეს ძე (7. XI. 1916, სოფ. კურსები, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი, – 2. V. 2006, რიაზანი, რუსეთი), არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი (1967), საბჭოთა კავშირის გმირი (28. IV. 1945).
დაამთავრა ქუთ. ინდუსტრიული ტექნიკუმი (1937), თბილ. საარტ. სასწავლებელი (1940) და ფ. ძერჟინსკის სახ. საარტ. აკადემია (1951). II მსოფლიო ომის (1939–45) დროს იბრძოდა მოსკ. მისადგომებთან, დნეპრთან, დნესტრთან, დუნაისთან, კიშინიოვთან, ბალატონის ტბასთან. ბალატონის ტბასთან ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.
1959-იდან სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. გენ.-მაიორი 1961-იდან, 1963–75 იყო „პლესეცკის“ კოსმოდრომის პირველი უფროსი. სამხ. დანიშნულების ინ-ტის დირექტორის მოადგილე (1975–95).
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1977).
ლ. დოლიძე