აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონა, საქართველოს ერთ-ერთი გეოტექტონიკური ერთეული. ვრცელდება შავი ზღვიდან ივრის ხეობამდე. ჩაისახა ალბურ დროში სამხრ. კავკ. კუნძულთა რკალზე ერთიანი შავი ზღვა ‒ აჭარა-თრიალეთის რიფტული სტრუქტურის სახით. უძველესი ნალექები წარმოდგენილია სქელი (2000 მ-ზე მეტი) ალბურ ‒ ადრინდ. ტურონული ასაკის ბაზალტური შედგენილობის ვულკანოგენური ფორმაციით, რ-იც გადაფარულია კარბონატული ზედაცარცული ნალექებით. მათზე, ზოგან ტრანსგრესიულად, განლაგებულია პალეოცენ-ქვედაეოცენური, ძირითადად ტერიგენული ფლიშური სერია (1500–2800 მ), რ-საც ზევით აგრძელებს შუაეოცენური ასაკის ვულკანოგენური ფორმაცია. ეს ფორმაცია ზონის დას. ნაწილში წარმოდგენილია 5000 მ-მდე სისქის სუბტუტე ბაზალტებით და მათი პიროკლასტილითებით; აღმ. ნაწილში შუა ეოცენი აგებულია ძირითადად საშ. შედგენილობის კირტუტე ვულკანიტებით. ზედა ეოცენი და ოლიგოცენ-ქვედა მიოცენი უმეტესად ტერიგენული ნალექებითაა წარმოდგენილი, რ-ებიც მხოლოდ ზონის სამხრ.-დას. ნაწილშია ჩანაცვლებული ვულკანოგენური ქანებით (ადიგენის წყება). ოროგენული წარმონაქმნები ‒ მიოცენ-პლიოცენური ტერიგენულ-ზღვიური და კონტინეტური მოლასები, გავრცელებულია ძირითადად ზონის კიდეებზე და აღმ. დაძირულ ნაწილში.
ზონის დანაოჭება უკავშირდება ძირითადად ლარამულ, თრიალეთურ, შტირიულ და როდანულ ოროგენეზისულ ფაზისებს. იგი რთულ ანტიკლინორიუმს წარმოადგენს. ფუნდამენტში განვითარებული განედური სიღრმული რღვევები სახსრავენ მას ცენტრ., შედარებით აზევებულ, და დაძირულ ჩრდ. და სამხრ. ქვეზონებად; ნაოჭა სტრუქტურების ხასიათის მიხედვით გამოიყოფა დას., ცენტრ. (შედარებით ინტენსიურად დანაოჭებული) და აღმ. სეგმენტები. ზონის ჩრდ. კიდის დას. ნაწილში განვითარებულია ჩრდ-კენ მიმართული შარიაჟების სისტემა (გადაადგილების ამპლიტუდა 15 კმ-მდე), ხოლო აღმ. სეგმენტში გაბატონებულია სამხრ-კენ მოძრაობა, რასაც თან სდევს ოლიგოცენ-ქვედამიოცენური მაიკოპური სერიის თავზე მთელი მოლასური საფრის მოწყვეტა და მნიშვნელოვანი ჰორიზ. გადაადგილება სამხრ.-დას. მიმართულებით (დადასტურებულია ჭაბურღილების მონაცემებით).
ლიტ.: Гамкрелидзе И. П., Механизм Формирования тектонических структур (на примере Аджаро-Триалетской зоны) и некоторые общие проблемы тектогенеза, Тб., 1976.
ე. გამყრელიძე