აჭარის სანჯაყები, ადმინისტრაციული ერთეულები ოსმალეთის შემადგენლობაში.
XVI ს. 70-იანი წლების ბოლოს აჭარა ოსმალებმა დაიპყრეს. ოსმალურ ადმინისტრაციულ სისტემაში აჭარა ორ სანჯაყად შევიდა: ზემო აჭარის (აჭარა ულია) და ქვემო აჭარის (აჭარა სუფლა). პირველი ახლანდ. ხულოსა და შუახევის მუნიციპ-ებს მოიცავდა, მეორე – ქედისას. აჭარის ორივე სანჯაყი ჩილდირის (ახალციხის) ვილაიეთს დაუქვემდებარეს.
1582 აჭარა ოსმალეთის წინააღმდეგ აჯანყებულ სამცხის ათაბაგს (მანუჩარ II-ს) მიემხრო და ოსმალთა დაქვემდებარებიდან გამოვიდა. 1587 ოსმალებმა ისევ დაიპყრეს აჭარა და აღადგინეს თავიანთი ადმინისტრაციაც, ოღონდ უკვე გაერთიანებული სახით და ბეგლარ-ბეგის მეთაურობით. 1595 ერთ ოსმალურ დავთარში, რ-იც საქართველოს მიტაცებული რეგიონების აღწერილობას შეიცავს, აჭარის მირ-მირანი (ბეგლარ-ბეგი) იხსენიება. მირ-მირანის გამგებლობა აჭარაში ამჯერად 1609-მდე გაგრძელდა, ამ წელს კი ეს მხარე კვლავ მისმა ძველმა მფლობელმა – გურიის მთავრამა მამია II გურიელმა დაიბრუნა, თუმცა მცირე ხნით და 1614 წელს ისევ დაკარგა.
აჭარაში ოსმალები უფრო მტკიცედ იკიდებენ ფეხს XVII ს. II ნახევრიდან, როდესაც ამ მხარის ფეოდალები იძულებული გახდნენ ისლამი მიეღოთ და ოსმალთა სამსახურში ჩამდგარიყვნენ. მამაპაპურ სარწმუნოებას და ტრადიციებს ამიერიდან ძირითადად გლეხობა იცავდა. ეს დიდი ბრძოლა XVIII ს. მიწურულამდე გაგრძელდა, ვიდრე აჭარის გლეხობის ერთი ნაწილი არ ამოწყდა ან საქართველოს შიგა რეგიონებში გაიხიზნა. ვინც დარჩა, ბრძოლის განგრძობის ძალა აღარ შესწევდა და იძულებული იყო დამპყრობელს დამორჩილებოდა. ბრძოლა XIX ს-შიც განუწყვეტლივ მიმდინარეობდა აჭარაში, მაგრამ ეს უკვე სხვა ხასიათის იყო და ქართველობის (ქართული სოც.-ეკონ. და პოლიტ. სისტემა) აღდგენას კი არ ისახავდა მიზნად, მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული და „ოსმალობის“ (ოსმალური სოც.-ეკონ. და პოლიტ. სისტემა) ფარგლებში რჩებოდა.
XIX ს. დასაწყისიდანვე დიდი იმედები გაჩნდა ოსმალთა მიერ მიტაცებული საქართველოს ისტ. მიწა-წყლის დასაბრუნებლად, რამაც მალე გამოიღო პირველი ნაყოფი – 1829 წელს საქართველომ რუს.-ოსმ. 1828–29 ომის შედეგად სამცხე და ჯავახეთი დაიბრუნა. ამ დროს მოიშალა ახალციხის საფაშო და მასში შემავალი აჭარა ყარსის საფაშოს შეუერთეს. მაგრამ ეს მთლად მარჯვე ღონისძიება ვერ აღმოჩნდა და 1844 აჭარა ტრაპიზონის საფაშოს დაუქვემდებარეს. 1851 შეიქმნა სრულიად ახალი ადმინისტრაციული ერთეული (ლაზისტანის სანჯაყი), რ-შიც აჭარა და მისი მომიჯნავე რეგიონები – ჭანეთი და ქვემო გურია (ჭოროხსა და ჩოლოქს შუა მდებარე ტერიტორია) გაერთინდნენ. 1877–78 რუს.-ოსმ. ომის შედეგად აჭარა კვლავ საქართველოს შემოუერთდა.
წყარო: გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, ს. ჯიქიას გამოც., წგ. 2, თბ., 1941.
ლიტ.: ავალიანი ა., მიწათმფლობელობის ფორმები აჭარაში თურქეთის ბატონობისაგან განთავისუფლების წინ (XIX საუკუნის 40 –70-იან წლებში), ბათ., 1960; სიხარულიძე ი., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონომიკა, წგ. 1–2, ბათ., 1958 – 59.
ი. სიხარულიძე