აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლი მ. კუხიანიძის სახელობისა, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ერთ-ერთი უძველესი შემოქმედებითი კოლექტივი საქართველოში.
შეიქმნა 1921 საგუნდო კაპელის სახელწოდებით. პირველი ხელმძღვანელი (1921 – 50) იყო მ. კუხიანიძე, 1929 ქორეოგრაფიულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა დ. ჯავრიშვილი (დადგა ცეკვები „ხორუმი“, „ფერხული“). ამავე წელს საქართვ. ხალხ. შემოქმედების პირველ ოლიმპიადაზე, კაპელამ პირველი ადგილი დაიკავა. 1944-იდან მას ეწოდა აჭარის ქართული ხალხ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლი. 1950-იდან ანსამბლს სათავეში ჩაუდგა მ. ჩხიკვიშვილი, მოცეკვავეთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა საქართვ. სახ. არტისტი ე. ხაბაძე. 1961 ანსამბლს მიენიჭა „საქართველოს დამსახურებული ანსამბლის“ სახელწოდება, ამავე წლიდან იგი მ. კუხიანიძის სახელობისა გახდა. სხვადასხვა დროს ანსამბლში მოღვაწეობდნენ: საქართვ. სახ. არტისტი ფ. კობალაძე, საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე მ. კილაძე, აჭარის ხელოვნ. დამს. მოღვაწეები: გ. ნოღაიდელი, ს. მიქელთაძე, გ. ოდიკაძე, ა. ჯიჯეიშვილი, აგრეთვე გ. ვეფხვაძე, ვ. სადრაძე, გ. გოგიბერიძე, პ. სულაბერიძე, გ. ეგუტიძე, ლ. ვერულეიშვილი, ვ. ინგოროყვა, ი. კალანდაძე, მ. ქაბადაძე, ნ. შალიკაშვილი, გ. ჩიჩუა, ზ. ბაღდადიშვილი, ვ. ლომაძე, ი. მსხალაძე, მ. ჯეჯეია, თ. ფადაევა, ზ. ზარქუა, ვ. მეფარიშვილი, გ. გაბისონია, ნ. დევიძე და სხვ. 1974-იდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფია ე. ხაბაძე, მთავარი დირიჟორი – გ. ნოღაიდელი, დირიჟორი – ა. ანანიძე, ქორეოგრაფი – თ. ბოლქვაძე, დირექტორია ნ. ჩავლეიშვილი.
ანსამბლის რეპერტუარშია ქართული და საზღვარგარეთული ხალხ. სიმღერები („მარებელი“, „სიმღერა საქართველოზე“, „სულიკო“, „ბანდურა“, „წითელი მიხაკი“, არაბული „კამბალა“ და სხვ.) და ცეკვები („ლაზური“, „მთიულური“, „წყაროსთან“, „ფერხული“, „განდაგან“, „გადახვეული ხორუმი“, „ოჰოი, ნანო“; ჩეხ. „პილფა“, ბულგ. „სიუიტა“ და სხვ.). გასტროლებით შემოვლილი აქვს ყოფ. საბჭ. კავშირის მრავალი ქალაქი და საზღვარგარეთის ქვეყნები (ეგვიპტე, სირია, სუდანი, ალბანეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, დანია, ჩეხოსლოვაკია, ერაყი, გერმანია, თურქეთი). ანსამბლი მრავალი ფესტივალის მონაწილეა – „რუსული ზამთარი“, ბურგასის (ბულგარეთი) საერთაშ. ფოლკლორული ფესტივალი, სიმღერის XV ფესტივალი „ზელენა გურაში“ (პოლონეთი), ფოლკლორის საერთაშ. ფესტივალი თურქეთში და სხვ.