აჭარის ხელოვნების მუზეუმი, თანამედროვე კულტურის მნიშვნელოვანი კერა და ერთ-ერთი მთავარი საგამოფენო სივრცე ქ. ბათუმში.
მის ფონდებში დაცული ექსპონატები ქმნის სოლიდურ კოლექციას, რ-იც იძლევა ნათელ წარმოდგენას XX ს. ქართ. სახვითი ხელოვნების ძირითად ეტაპებზე.
მუზეუმი განთავსებულია ბათუმის ერთ-ერთ ისტ. შენობაში (არქიტ. კ. ჯავახიშვილი, 1949); ეს მონუმენტური ნაგებობა გამოირჩევა თავისი ფუნქციონალური სტრუქტურით და ესთეტ. გამომსახველობით, ხასიათდება მკაცრი არქიტექტონიკით, დეკორის სისადავით; ფასადს ამშვენებს თ. აბაკელიას მიერ შესრულებული რელიეფური ფრიზი (1951‒52).
ა. ხ. მ. დაარსდა 1995. აქედან დაიწყო სამუზეუმო კოლექციების შევსება; მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1998 წ. 19. დეკ. 2018 წ. 3 მაისიდან ა. ხ. მ. სსიპ „აჭარის მუზეუმის“ შემადგენლობაშია. ა. ხ. მ-ში დაცულია 400-ზე მეტი ექსპონატი. წარმოდგენილია როგორც მუდმივმოქმედი, ისე დროებითი ექსპოზიციები. დღესდღეობით მუზეუმში დაცულია სხვადასხვა თაობის ცნობილ ქართველ და უცხოელ მხატვართა ფერწერული ტილოები ‒ ნიკო ფიროსმანის, გ. გაბაშვილის, მ. თოიძის, დ. კაკაბაძის, ლ. გუდიაშვილის, ე. ახვლედიანის, მ. ბერძენიშვილის, ე. კალანდაძის, ზ. ნიჟარაძის, ს. ბაკალოვიჩის, ზომერის, ა. ტერნის, ე. ონიანის, გ. ბუღაძის, რ. ფეტვიაშვილის, ნ. იგნატოვის, ა. ზანოვსკის, გ. წერეთლისა და სხვათა ნამუშევრები; გრაფიკული ნამუშევრები ‒ ნ. ჭურღულია, ლ. ზამბახიძე და სხვ.; კერამიკის, ხის, მინის, ჭედურობის, გობელენის ნიმუშები; სკულპტურა ‒ ე. ფანტარელის „ნიმფა და პატარა ფავნი“, გ. ოჩიაურის „პორტრეტი“ და სხვ.
მუზეუმის პირველი სართული ეთმობა ქართულ და საერთაშ. საგამოფენო-საგანმან. და სინთეზურ პროექტებს. მეორე სართულზე წარმოდგენილია ნიკო ფიროსმანის, დ. კაკაბაძის, ლ. გუდიაშვილის, ე. ახვლედიანის და სხვ. ოსტატების ნაწარმოებები. მუზეუმის მარცხენა ფლიგელში განთავსებულია მცირე გალერეა, სადაც სისტემატიურად ეწყობა ახალგაზრდა ავტორთა ნამუშევრების გამოფენები.
თ. ალიბეგაშვილი