„ახალგაზრდა მარქსისტები“, ახალგაზრდული ს.-დ. (მენშევიკური) ორგანიზაცია.
შეიქმნა 1915 თბილისში მარქსიზმის შემსწავლელი წრეების სახით. ორგანიზაციის მთელი პრაქტ. საქმიანობა მიმდინარეობდა მენშევიკების ხელმძღვანელობით. აერთიანებდა 700-მდე წევრს. 1917 „ა. მ-ის“ კონფერენციამ აირჩია ცკ. ჩატარდა ორგანიზაციის 6 კონფერენცია (I – 1916 დეკ., II – 1917 მარტი, III – 1918 იანვ., IV – 1919 ნოემბ., V – 1920 მარტი, VI – 1921 იანვ.). „ა. მ-ის“ ორგანო იყო ყოველკვირეული ჟურნ. „ახალი კვალი“ (1918 – 21). „ა. მ.“ პროლეტარიატის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად საჭიროდ მიიჩნევდნენ არა კლასთა ბრძოლას, არამედ კლასთა სოლიდარობას, საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ „ა. მ.“ ეწეოდნენ ანტისაბჭ. აგიტაციას, სცემდნენ არალეგალურ ფურცლებსა და სხვ. 1923 წ. 28 ოქტ. „ა. მ-ის“ სალიკვიდაციო ყრილობამ მიიღო რეზოლუცია ორგანიზაციის თვითლიკვიდაციის შესახებ. ყრილობის შემდეგ „ა. მ-ის“ ერთი ნაწილი შევიდა საქართვ. კომკავშირის რიგებში, გარკვეული ნაწილი საბჭ. ხელისუფლების წინააღმდეგ არალეგალურ ბრძოლას ეწეოდა.
ლიტ.: დევდარიანი გ., საქართველოს კომკავშირის 10 წლისთავი, ტფ., 1927; ვადაჭკორია შ., ახალგაზრდობის ანტიპროლეტარული ორგანიზაციების კრახი საქართველოში (1917–1925 წწ.), თბ., 1987; საქართველოს კომკავშირის ისტორია, თბ., 1968.
შ. თეთვაძე.