„ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოება“, მუსიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანება.
ჩამოყალიბდა 1922 თბილისში. მასში გაერთიანდნენ წამყვანი ქართვ. მუსიკოსები, თბილ. კონსერვ. სტუდენტები, შემდგომში ცნობილი კომპოზიტორები, დირიჟორები, შემსრულებლები. საზ-ბის მიზანი იყო ხელი შეეწყო ეროვნული პროფ. მუსიკის განვითარებისათვის; ეწეოდა მრავალმხრივ კულტ. მოღვაწეობას და მალე ახ. ეროვნ. მუს. კულტურის ცენტრად იქცა. საზ-ბამ 1923 დააარსა საფორტეპიანო ტრიო და სიმებიანი ორკესტრი, რ-მაც ფართო მასებში გაიტანა ქართ. პროფ. მუსიკა, იმართებოდა კონცერტები საქართვ. ქ-ებში, რ-ნებში, შორეულ სოფლებში. ორკესტრის დირიჟორები იყვნენ ი. ტუსკია, გ. კილაძე, შ. თაქთაქიშვილი. მათ შექმნეს საკრავიერი მუსიკის პირველი ნიმუშები, ეროვნ. ფოლკლორზე აღმოცენებული მცირე ფორმის საორკესტრო პიესები. კონცერტებში მონაწილეობდნენ ქართვ. მომღერლები და შემსრულებლები: ნ. ქუმსიაშვილი, ს. ინაშვილი, დ. ბადრიძე, ლ. გერმესაშვილი, გ. ვენაძე, ვ. ქაშაკაშვილი. 1924 სიმებიანი ორკესტრის ბაზაზე შეიქმნა პირველი ქართული სიმფ. ორკესტრი 45 კაცის შემადგენლობით (ხელმძღვ. ი. ფალიაშვილი). მუს. კადრების შერჩევაში მას დიდად დაეხმარა ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ე. მიქელაძე. ორკესტრმა ხელი შეუწყო ქართულ მუსიკაში სიმფ. ჟანრის განვითარებას. იმავე წელს შეიქმნა პირველი ქართ. სიმებიანი კვარტეტი (1929-იდან საქართვ. სახელმწ. სიმებიანი კვარტეტი). 1924 კ. მარჯანიშვილმა და ს. ახმეტელმა საზ-ბასთან დააარსეს საოპერო სტუდია, სადაც მთელი შემადგენლობით მიიწვიეს სიმფ. ორკესტრი. საზ-ბამ 1930-მდე იარსება.
მისი წევრებიდან ბევრი ქართ. მუს. კულტურის ცნობილი მოღვაწე გახდა (შ. აზმაიფარაშვილი, დ. ანდღულაძე, შ. ასლანიშვილი, ი. გოკიელი, გ. და შ. თაქთაქიშვილები, ლ. იაშვილი, გ. კილაძე, ე. მიქელაძე, დ. მჭედლიძე, გ. ჩხიკვაძე, ლ. შიუკაშვილი, ქ. ჯაფარიძე და სხვ. მრავალი).
მ. ფიჩხაძე