ახალი ათონი

ახალი ათონი (სახელი წარმოდგება ახალი ათონის მონასტრის სახელწოდებიდან; ყოფ. ფსირცხა), ქალაქი (1987-იდან) გუდაუთის მუნიციპალიტეტში, (აფხაზეთის არ), კოლხეთის დაბლობზე.

უჭირავს შავი ზღვის სანაპირო ზოლი და ივერიის მთის ჩრდ. კალთები. ზ. დ. 50 მ, გუდაუთიდან 7 კმ, სოხუმიდან 25 კმ, თბილისიდან 465 კმ.

ა. ა. ზღვისპირა კლიმ. კურორტია. მას ჩრდ-იდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრისაგან იცავს კავკასიონი და მისი განშტოებები, ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის ზომიერად ცხელი ზაფხული, ხანგრძლივი და თბილი შემოდგომა, თბილი ზამთარი. საშ. წლ. ტემპ-რა 14,8°C, იანვ. 6,4°C, აგვ. 23,8°C, ნალექები 1600 მმ წელიწადში. შეფარდებითი სინოტივე 70%, მზის უხვი რადიაცია. წყლის ტემპ-რა ივლ.-აგვ-ში 22–26°C. სამედ. ჩვენება: გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სუნთქვის ორგანოთა და ენდოკრინული სისტემის დაავადებანი. XX ს. 90-იან წლებამდე ფუნქციონირებდა სანატორიუმი „აფხაზეთი“ (კარდიოლოგიური პროფილის, 150 ადგილი), 4 ტურბაზა (2100 ადგილი), საკურორტო პოლიკლინიკა, სამკურნალო სამედ. პლაჟი. სეზონი – მთელი წელი.

განვითარებული იყო მეციტრუსეობა. ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღი, საშ. ზოგადსაგანმან. სკოლა, კულტსახლი, საავადმყოფო, პოლიკლინიკა, აფთიაქი, კავშირგაბმ. განყ-ბა. კურორტსა და მის შემოგარენში უამრავი ღირსშესანიშნაობა და საინტერესო ადგილია, მ. შ. ქართული მუხის კორომი (500 ჰა). კარსტული მღვიმეები, მ. შ. ახალი ათონის მღვიმე.

ა. ა-ში აღმოჩენილია უძველესი კულტურის არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი (ნეოლითის, ბრინჯაოს, ანტ. ხანის არქეოლ. მასალა); I ს-იდან შემონახულია ამ პუნქტის (ისტ. დოკუმენტებით – ანაკოფიის) გამაგრებათა მთელი სისტემა – ციტადელი კოშკებით (ივერიის მთაზე). ციტადელის შუაში ერთაფსიდიანი ბაზილიკაა (VIII – IX სს.). სხვა ნაგებობათაგან აღსანიშნავია სიმონ კანანელის ეკლესია (IX – X სს. შეკეთებულია XIX ს-ში). ა. ა-შია აგრეთვე სიმონ კანანელის სამონასტრო კომპლექსი (იხ. ახალი ათონის პანტელეიმონის ტაძარი).

ა.ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

გ. უშვერიძე

თ. ბერაძე

თ. საყვარელიძე