ახალი ათონის მღვიმე

ახალი ათონის მღვიმე, ანაკოფიის მღვიმე, ივერიის მღვიმე, მღვიმე გუდაუთის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთის ჩრდ. კალთაზე. მდ-ების მანიკვარისა და ფსირცხის წყალგამყოფზე.

ა. ა. მ-ის ბუნებრივი ჩასასვლელი, ფართოპირიანი და შვეულკედლებიანი უფსკრული ზ. დ. 60 მ სიმაღლეზე იხსნება. გამომუშავებულია ქვედაცარცულ სქელშრეებიან, ძლიერ დანაპრალებულ კირქვებში და შედგება ვერტ. (ჯამური სიღრმე 189 მ) და ჰორიზ. (ჯამური სიგრძე 3285 მ) მონაკვეთებისაგან. აღსანიშნავია დიდი დარბაზები: „აფხაზეთი“, „ქართველ სპელეოლოგთა“, „ივერია“, „მოსკოვი“, „სოხუმი“, „თბილისი“, „ჰელიქტიტების,“ გაქვავებული ჩანჩქერი „აფსნი“ და სხვ. ზოგიერთი მათგანი მდიდრულადაა მორთული სხვადასხვა სიდიდისაა და ფორმის სტალაქტიტებით, ფარდებით, კასკადური ნაღვენთებით; ცალკეულ დარბაზებში მძლავრი პლასტ. თიხები (სისქე 10 – 30 მ) და ნგრევის უხვი მასალაა.

მღვიმე გამოირჩევა დარბაზების გიგანტურობით. მღვიმური სისტემის ფსკერის ფართობი 50000 მ²-მდეა, მოცულობა 1,5 მლნ. მ³ აღემატება. ამ მხრივ იგი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში, შედის საქართველოს უდიდესი კარსტული მღვიმეების ხუთეულში. მღვიმის სამხრეთულ დარბაზებში წყალდიდობისას იჭრება წყალი; მღვიმის უდაბლესი სართული წყლით არის ავსებული. ერთ-ერთი სიფონური ტბის სიღრმე 26 მ აღწევს. მღვიმეში ჰაერის ტემპ-რაა 12,6 – 14,4°C, შეფარდებითი ტენიანობა 94 – 100%. მღვიმეში გვხვდება კიბოსნაირნი, ობობასნაირნი, მრავალფეხიანები და სხვ. მღვიმე 1961 აღმოაჩინა და შეისწავლა საქართვ. მეცნ. აკად. ვახუშტის სახ. გეოგრაფიის ინ-ტმა. „საქქალაქმშენსახპროექტის“ ინ-ტის პროექტით ტურისტული მიზნებისათვის კეთილმოაწყო „თბილგვირაბმშენმა“; გაიხსნა 1975.

1977 ა. ა. მ-ის აღმოჩენისა და შესწავლისათვის მკვლევართა ჯგუფს [ზ. ტინტილოზოვი, (ტატაშიძე),შ. ყიფიანი, ა. ოქროჯანაშვილი], არქიტექტორებსა და ინჟინერ-მშენებლებს (ვ. გოცირიძე, გ. ჯაყელი, ე. მამულია, ი. კოჟუხოვი, გ. ციმინტია, რ. რიჟინაშვილი, ა. გოფი, ვ. ვოუბა, თ. მარკოზაშვილი) მიენიჭათ სსრკ სახელმწ. პრემია.