ახალი ათონის პანტელეიმონის ტაძარი, ხუროთმოძღვრებისა და ისტორიის ძეგლი ახალ ათონში.
დგას ძვ. დანგრეული ეკლესიის ადგილზე; სიმონ კანანელის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარია (მონასტერი დაარსდა 1876, როგორც საბერძნ. ათონის პანტელეიმონის რუს. მონასტრის განყ-ბა. 1877 – 78 რუს.-ოსმ. ომის დროს ტაძარი დაიწვა. ომის შემდგომ წლებში აღადგინეს). აგებულია 1888 – 1900 პეტერბ. საეკლ. არქიტ. ნ. ნიკონოვის პროექტით (ბიზანტიური ნიმუშების მიხედვით), სამნავიანი ნაგებობა დაგვირგვინებულია ხუთი გუმბათით. ტაძრის სიგრძე (დას.-აღმ. ღერძზე) – 53,3 მ, სიგანე (ჩრდ.-სამხრ. ღერძზე) – 37,7 მ, ცენტრ. გუმბათის სიმაღლეა 40 მ, ინტერიერის მოხატვაში (1911 – 14, მხატვარი მ. მოლოვი, ა. სერებრიაკოვის ესკიზების მიხედვით) მონაწილეობდნენ პალეხელი ოსტატები და მოსკ. მხატვრები. 1924 ა. ა. პ. ტ. დახურეს.
1959 აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით ტაძარი გამოცხადდა აფხ. სახელმწ. მუზეუმის ფილიალად.
ს. ავიძბა