„ახალი ახალგაზრდობა“, საზოგადოებრივ-პუბლიცისტური ჯგუფი საქართველოში XIX ს. 70-იან წლებში.
ჩამოყალიბდა 1869. გაერთიანებული იყვნენ ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი, გ. წერეთელი, აგრეთვე კ. ლორთქიფანიძე, პ. უმიკაშვილი და ა. წერეთელი. მათ თავი მოიყარეს გაზ. „დროების“, ჟურნ. „კრებულისა“ და „სასოფლო გაზეთის“ ირგვლივ. ჯგუფის სამოქმედო პროგრამა გადმოცემულია ნ. ნიკოლაძის წერილში „ახალი ახალგაზრდობა“ („კრებული“, 1873, № 1), აგრეთვე გ. წერეთლის წერილში „ამ დროის მოძრაობა“ (იქვე, № 3). „ა. ა-ის“ წევრებმა ლიტ-რაში აღიარეს „შეუფარავი რეალიზმი“, სოც.-ეკონ. ცხოვრებაში ემხრობოდნენ ბურჟ. განვითარების პროცესს, რ-იც საგლეხო რეფორმისა და მისი შემდგომი პერიოდის საქართველოში მიმდინარეობდა. მათ წინ წამოსწიეს გარჯა ქვეყნის სოც.-ეკონ. განვითარებისათვის, ხოლო ეროვნ. განთავისუფლების იდეები უკანა პლანზე გადაიტანეს. ამგვარად, ისინი გაემიჯნენ 60-იანი წწ. ქართვ. ინტელიგენციის (რ-ის მეთაურიც ი. ჭავჭავაძე იყო) ინტერესებს. მათთვის სანიმუშო და სამაგალითო იყო საზ. განვითარების ევრ. თარგი („ამ ახალი თაობის საქებრად უნდა ვთქვათ, რომ ეს ახალი გზა დასავლეთ ევროპის გზა არის. ყოველგვარი ცოდნისა, განათლების, ცხოვრების გაუმჯობესებისა და წარმატების წყარო ჯერჯერობით დასავლეთი ევროპა არის“. – ს. მესხი). „ა. ა.“ ამხელდა თავადაზნაურული წოდების უმოქმედობას და შეუფერებლობას ახ. სოც.-ეკონ. პროცესებთან; აუცილებლად თვლიდა გლეხობის ეკონ. დამოუკიდებლობას; კარგად ესმოდა ვაჭრობა-მრეწვ., ფ-კა-ქ-ნების, ფულის მიმოქცევის მნიშვნელობა ეკონ. ცხოვრების გაცხოველებისათვის; მხარს უჭერდა საქალაქო და სათემო რეფორმებს, დემოკრ. საყოველთაო არჩევნებზე დამყარებულ ეროვნ. თვითმმართველობას.
70-იანი წწ. დასასრულისთვის სოციალ. იდეების გავრცელებისა და კლასობრივი ურთიერთობის განვითარების შემდგომ ეტაპზე „ა. ა-ის“ სოც. შეხედულებებმა და პროგრამამ დაკარგა აქტუალობა, რის შედეგადაც ჯგუფმა შეწყვიტა არსებობა.
ლიტ.: ნიკოლაძე ნ., ახალი ახალგაზრდობა, თხზულებანი, ტ. 3, თბ., 1963, გვ. 138 – 222; ხუნდაძე ს., ბურჟუაზიული ინტელიგენციის პროგრამა 70-იან წლებში, წგ.: ნ. ნიკოლაძე, რჩეული ნაწერები, ტ. 2, თბ., 1932.
ს. ხუციშვილი