გრაკლა

გრაკლა კრაზანაფოთოლა გრაკლა (Spiraea hypericifolia)
გრაკლა ხერხკბილა გრაკლა (Spiraea crenata)

გრაკლა, (Spiraea), მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. 1– 2,5 მ სიმაღლის ზაფხულმწვანე ბუჩქებია. აქვთ მორიგეობით განლაგებული მარტივი, მთლიანი, დაკბილული ან სუსტად დანაკვთული ფოთლები, ქოლგისებრ, ფარისებრ ან პირამიდულ ყვავილედებში თავმოყრილი თეთრი, ვარდისფერი ან მეწამული ყვავილები, მრავალფოთლურა ნაყოფი. 100-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერი ჰავის ქვეყნებში. საქართველოში ბუნებრივად იზრდება 2 სახეობა: კრაზანაფოთოლა, ანუ ჩვეულებრივი გ. (S. hypericifolia) და ხერხკბილა გ. (S. crenata). პირველი გავრცელებულია ნახევარუდაბნოს, ველისა და ტყის სარტყლებში, ზოგან კი მაღალმთის ზონაშიც, სადაც გვხვდება მისი სუბალპური სახესხვაობა (var. subalpina). მეორე უფრო ქსეროფილურია და უმთავრესად სამხრ. მთიანეთის მთის შუა სარტყლამდე იზრდება. ქმნიან ბუჩქნარებს – გრაკლიანებს. ტიპოლოგიურად საქართვ. გრაკლიანები უმეტესად მარცვლოვნიან-ნაირბალახოვანი ფიტოცენოზებია, მათი უკიდურესად ქსეროფილური ვარიანტები კი – მარცვლოვნიანი. ჩვენში გრაკლიანები ჩვეულებრივ გაჩეხილი ტყის ადგილას გვხვდება და მეორეულ გრაკლიანებს წარმოადგენს. ბუნებრივ გრაკლიანებს გრუნტ-ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს. საქართველოში მოშენებულია გ-ის 30-მდე უცხო სახეობა. ხანგრძლივი და უხვი ყვავილობის გამო გ-ს ფართოდ იყენებენ დეკორ. მებაღეობაში, რგავენ ეულად, ჯგუფებად (ქვიან გორაკებზე), იყენებენ ბორდიურებად, ცოცხალ ღობეებად. ამრავლებენ თესლით, კალმით, ფესვის ამონაყარით, გადაწვენით და ბუჩქის დაყოფით. გ. კარგი თაფლოვანი მცენარეა. ფოთოლი შეიცავს C ვიტამინს და ხშირად იყენებენ ჩაის სუროგატად.

მ. სახოკია