ახალშენის მღვიმე, კარსტული მღვიმე სოხუმის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), სოფ. ახალშენის მახლობლად, გუმიშხა-ფსირცხის კირქვულ მასივში, დასავლეთის გუმისთის ხეობის მარცხ. ციცაბო ფერდობზე.
გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში, 285 მ სიმაღლეზე. ფსკერის ფართობი –5490 მ², საერთო მოცულობა 980 მ³ მღვიმის შესასვლელი თაღური ფორმისაა. გამოკვლეული ნაწილის სიგრძე 100 მ. აქვს დერეფნის ფორმა (საშ. სიგანე და სიმაღლე 7 – 8 მ) და გუმბათოვანი თაღი; იკეტება. მღვიმე ნგრევა-ჩამორეცხვის სტადიაშია. არის სტალაქტიტ-სტალაგმიტები, ტრავერტინები, აღსანიშნავია კარგად გამოხატული „გურების“ ლანდშაფტი მცურავი კალციტის კრისტალებით. გამოფიტვის პროდუქტები, ლოდნარი და თიხის ნაფენები. წყლის ნაკადის ტემპ-რა – 11,5°C, ჰაერისა – 13,5°C. მღვიმური ნაკადი სათავეს იღებს სიფონური ტბიდან, გზადაგზა აჩენს მომცრო ტბებსა და ჩანჩქერებს. მდიდარია მღვიმის ცხოველებით (კიბოსნაირები,მღვიმური ვირთაგვები, მწერები და სხვ.).
მღვიმის მორფოლოგია შესწავლილია ნ. გვოზდეცკისა და ზ. ტატაშიძის მიერ, მეტეოდაკვირვება აწარმოა კ. წიქარიშვილმა.
ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, ტბ., 2009.
ზ. ტატაშიძე (ტინტილოზოვი)