ანანურის ციხე, XVI – XVII სს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, არაგვის საერისთავოს ფეოდალთა რეზიდენცია. მის კოშკებში საგანგებო საცხოვრ. ოთახებიც იყო; ამიტომ იგი უფრო ციხე-დარბაზის ტიპის ნაგებობებს მიეკუთვნება, ვიდრე მხოლოდ ციხეს ან გალავანს.
ა. ც. გარკვეულ პერიოდში არა მარტო საერისთავოს, არამედ მთელი ქვეყნის საიმედო სიმაგრედაც ითვლებოდა. აქ შეაფარა თავი ნადირ-შაჰისაგან დევნილმა თეიმურაზ II-მ მთელი სახლობით, დიდებულთა ოჯახებითა და ჯარით; აქ დაბანაკდა XVIII ს. შუა წლებში თავისი არტილერიითურთ საქართველოში მყოფი რუს. ჯარის უფროსი, გენ ტოტლებენი, რ-იც ცდილობდა ერეკლე II-ის ტახტიდან ჩამოგდებას და ქვეყნის დაპყრობას. აქვე პოვა საიმედო თავშესაფარი მხცოვანმა ერეკლე II-მ აღა-მაჰმად-ხანთან უთანასწორო კრწანისის ბრძოლაში (1795) დამარცხების შემდეგ. ა. ც-ის კომპლექსი თანდათან იქმნებოდა. იგი შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. ციტადელში თავმოყრილია საერო, სამხ. და საკულტო ნაგებობანი. მათგან უძველესია ციტადელის შუაში აღმართული ხევსურული ტიპის ხუთსართულიანი, პირამიდულსახურავიანი კოშკი (არა უგვიანეს XVI ს-ისა). ციტადელის აღმ. მხარეს დგას ერთნავიანი ეკლესია (XVI ს. დასასრ. ან XVII ს. დასაწყ.), რ-საც ადგილ. მცხოვრებნი „მკურნალს“ ეძახიან. იგი გალავნის გარეთ გამოდის და უფრო დაბალ დონეზე მდებარეობს, ვიდრე გალავნის შიგნითა შენობები, მის ბანზე შედგმულია სამრეკლოს ფანჩატური (XVII ს.). ციტადელშია აგრეთვე მცირე გუმბათოვანი ეკლესია „ღვთაება“ (XVII ს. შუა წლები).
ანსამბლის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის დიდი გუმბათოვანი ტაძარი–გვიანდ. ფეოდ. საქართვ. არქიტ. ერთი უმთავრესი ძეგლთაგანი. იგი თითქმის ებჯინება დას. კედლით ხევსურულ კოშკს. თლილი ქვით მოპირკეთებული ტაძრის კედლები მდიდრულადაა მოჩუქურთმებული, თუმცა მორთულობაში იგრძნობა ხელოსნურობა, ეკლექტიზმი, ხუროთმოძღვრულ ფორმებთან შეუთანხმებლობა, ფასადებზე უხვადაა ადამიანთა და ცხოველთა რელიეფური გამოსახულებანი. სამხრ. კედლის გრძელი სამშენებლო წარწერიდან ჩანს, რომ ტაძარი აუგიათ 1689 ბარძიმ მსაჯულთუხუცესის თაოსნობით. მშენებლობას ხელმძღვანელობდა სარქარი ქაიხოსრო ბაღსარაშვილი. ციტადელის კოშკთაგან მთავარია დას. კედლის შუაში, ე. ი. მთელი ანსამბლის უმაღლეს წერტილში აღმართული გეგმით კვადრატული, შვიდსართულიანი კოშკი „შეუპოვარი“, რ-საც კედელში დატანებული აქვს კიბე. ციტადელის გალავნის სამხრ. კედლის შუაში ჩადგმულია ოთხსართულიანი კოშკი, რ-ის პირველ სართულში ისრულთაღიანი შესასვლელია მოწყობილი. წყალსაცავი ნაგებობა ციხის შესასვლელის მარცხნივაა გალავნის კედელზე მიკრული, აქვეა წყარო. ქვედა ციხისგან მხოლოდ გალავნის და კოშკების ნაშთია დარჩენილი.
ძეგლის რესტავრაციაზე სხვადასხვა დროს მუშაობდნენ არქიტექტორები: რ. გვერდწითელი, გ. კალმახელიძე, დ. ლომაძე, ა. გოგელია, ვ. საყვარელიძე, ი. ვარსიმაშვილი, თ. ნემსაძე, გ. ჭეიშვილი.
ლიტ.: ბერიძე ვ., XVI – XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983; ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988.