ახალშენიშვილი ივანე (ვანო) პეტრეს ძე

ახალშენიშვილი ივანე (ვანო) პეტრეს ძე (1871, დუშეთი, – 22. XII. 1906), მწერალი, მთარგმნელი. მამა მღვდელი ჰყავდა.

სწავლობდა თბილ. სას. სასწავლებელში, შემდეგ – სას. სემინარიაში. სემინარიის ჟურნალში, რ-ის ერთ-ერთი დამაარსებელი თვითონ იყო, აქვეყნებდა ლექსებს, წერილებს. 1893 სემინარიიდან გარიცხეს მოსწავლეთა მღელვარებაში მონაწილეობისათვის. 1894 – 1903 „ივერიაში“ მუშაობდა. 1897 პეტერბურგში დაამთავრა სამხ. სამკურნ. აკადემია. სამშობლოში დაბრუნებული შეუდგა საექიმო პრაქტიკას. თან აქტიურად თანამშრომლობდა ქართ. პრესაში, წერდა მოთხრობებს, ლექსებს, წერილებს, თეატრ. რეცენზიებს, ბიბლიოგრაფიულ შენიშვნებს. დიდი ღვაწლი მიუძღვის რუსი და ევრ. მწერლების თხზულებათა თარგმნაში. თარგმნა ნ. გოგოლის, თ. დოსტოევსკის, ვ. კოროლენკოს თხზულებები, მ. ლერმონტოვისა და ს. ნადსონის ლექსები, ბ. ბერნსონის, გ. ჰაუპტმანისა და ჰ. ზუდერმანის დრამები, გი დე მოპასანის, ა. ფრანსის, კატულ მენდესის, ოქტავ მირბოს და სხვ. მოთხრობები. 1897 „მოამბეში“ დაიბეჭდა თავები ჟ.-მ. გიუიოს წიგნიდან „ხელოვნება სოციოლოგიური აზრით“, ა. ჰაცფელდის „ძირითადი კანონები სალიტერატურო კრიტიკისა“. ნაწარმოებებს აქვეყნებდა „ინ-ანის“, „დამოუკიდებლობის“, „დავიწყებულის“ ფსევდონიმებით. 1901 „ივერიაში“ დაბეჭდა სტატიები: „შავი ჭირი და მის წინააღმდეგ ბრძოლა“, „სამეცნიერო მიმოხილვა“, რ-იც 5 ნომერში ქვეყნდებოდა. 1902 იმავე გაზეთში გამოაქვეყნა წერილი მიწისძვრის შესახებ შემახაში; ეს წერილები „MOROSUS“ ფსევდონიმით დაიბეჭდა.

ლიტ.: ვართაგავა ი., მოგონებები, ნაწ. 1, თბ., 1956.

ვ. წოწელია