ახალციხელები

ახალციხელები, სამხრ. საქართველოს დიდგვარიან ფეოდალთა საგვარეულო XII – XIII სს-ში, თორელთა|თორელთაგან გამოყოფილი შტო. მათი თავდაპირველი სამფლობელო ახალციხე იყო. XII ს. ბოლოს ა-მა პირველობა წაართვეს თორელთა ძირითად შტოს – ახალქალაქის (ე. ი. ჯავახეთის) ერისთავთერისთავებს. ამირსპასალარ გამრეკელ-თორელის შემდეგ ა. არიან ჯავახეთის მონაპირეები, ხოლო კარის (ყარსი) აღების შემდეგ (XIII ს. დასაწყ.) – ამ მხარის მონაპირეებიც. ამ გვარის სახელოვანი წარმომადგენლები იყვნენ შალვა და ივანე ახალციხელები (იხ. ახალციხელი შალვა, ახალციხელი ივანე). მათ შემდეგ ა. დასუსტდნენ და სამხრ. საქართველოში კვლავ თორელთა ძირითადი შტო გაბატონდა. მონღოლებმა XIII ს. 40-იან წლებში სამხრ. საქართველოს დუმნის თავად გამრეკელ თორელი დანიშნეს. XIII ს. II ნახევარში ახალციხეც და სამეფო ქალაქ კარის გამგებლობაც ხელთ იგდეს ჯაყელებმა (1270 დემეტრე II-მ კარი სადუნ მანკაბერდელს გადასცა). ა-ის დაკნინებული საგვარეულო შიდა ქართლში გადასახლდა. მათი შთამომავლობა მოხსენიებულია 1487 ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის სიგელში.

წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ჟამთააღმწერელი, იქვე.

ლიტ.: შოშიაშვილი ნ., თორელთა ფეოდალური სახლის ისტორია და შოთა რუსთაველი, კრ.: შოთა რუსთაველი, თბ., 1966.

ნ. შოშიაშვილი