ახალციხის აქატის საბადოები, ტექნიკური აქატის (ქალცედონის) საბადოები. განლაგებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ე. წ. ახალციხის ქვაბულში. სივრცობრივად დაკავშირებულია შუაეოცენურ ვულკანოგენურ წყებასთან, საკუთრივ, ამ წყების ანდეზიტურ ჰორიზონტთან. გამოიყოფა აქატშემცველი ქანების ორი ზოლი – ქვაბულის ჩრდ. (შურდოს საბადო) და სამხრ. (პამაჯ-ზორეთის საბადო) ნაწილში. ა. ა. ს-ზე ძირითადად მოიპოვებენ მკვრივ ქალცედონს, ქარგიანი (ზოლებიანი) აქატი შედარებით იშვიათია. ეს მინერალები ჩრდ. ზოლში სეკრეციული წარმოშობის ჟეოდების სახით გვხვდება, სამხრ-ით – ჟეოდებისა და მილისებრი სხეულების სახით. მუშავდებოდა 1933-იდან. იყენებდნენ ზუსტი ხელსაწყოების, მ. შ. საათების, წარმოებასა და საიუველირო საქმეში.
თ. მგელიაშვილი