ახალციხის ზარაფხანა

ახალციხის ზარაფხანა, ძვ. საქართველოს ერთ-ერთი პროვინციული ზარაფხანა, რ-იც დროდადრო მოქმედებდა ქ. ახალციხეში (სამცხე).

ა. ზ-ის არსებობის ფაქტი აღმოაჩინა თ. ლომოურმა (1944). ახალციხური მონეტების გამოჩენა მესხეთის (სამცხე-საათაბაგოს) მმართველთა სეპარატისტულ მისწრაფებებს ასახავს და ყოველთვის ემთხვევა საქართველოსათვის მძიმე ისტ. პერიოდებს, როდესაც ცენტრ. ხელისუფლება სუსტდებოდა. ა. ზ. პირველად ამოქმედდა 1300 და 1316-მდე ჭრიდა დირჰემებს ჰულაგუიანი ილხანების ყაზან-ყაენის (1295–1304) და ოლჯაითუ-ყაენის (1304 – 16) სახელით. 1316 გიორგი V ბრწყინვალემ მიიღო ილხანის დასტური სამცხე-საათაბაგოს დამორჩილებაზე და ა. ზ-მაც შეწყვიტა მოქმედება.

XV ს-ში სამეფო ხელისუფლების შესუსტებასთან დაკავშირებით ა. ზ. კვლავ ამოქმედდა. სამცხე-საათაბაგოს მფლობელმა ყვარყვარე II ათაბაგმა (1416 –1498) ისარგებლა სამცხის ზარაფხანით და თავისი სიძლიერისა და დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად საკუთარი სახელით მოჭრა ვერცხლის მონეტა. ავერსზე გამოსახულია მხედრული ან ასომთავრული დაქარაგმებული წარწერა – „ყვარყვარე“, რევერსზე – თევზი და ვარსკვლავები.

ლიტ.: კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969; ლომოური თ., ახალციხის ზარაფხანა, «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1944, ტ. 12 B; ღვაბერიძე ც., საქართველოს ურთიერთობა ილხანთა ირანთან და ჯელაირთა სახელმწიფოსთან, თბ., 1986.

ც. ღვაბერიძე