ახალციხის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეული სამხრ. საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი).
სამხრ. საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს, აღმ-ით ესაზღვრება ბორჯომისა და ასპინძის, დას-ით–ადიგენის, ჩრდ-ით – ბაღდათისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები ფართ. 997,5 კმ². მოსახლ. 20,9 ათ. კაცი (2014). ცენტრი – ქ. ახალციხე. ა. მ-ში არის 2 ქალაქი (ახალციხე, ვალე), 46 სოფელი, 14 თემი: აგარის, ანდრიაწმინდის, აწყურის, ელიაწმინდის, კლდის, მინაძის, პამაჯის (ცენტრი – პატარა პამაჯი), საძელის, სვირის, სხვილისის, ურავლის, ფერსის, წყალთბილას, წყრუთის.
ისტორიული ცნობა. ა. მ. ისტორიული სამცხის აღმ. ნაწილში მდებარეობს. ძირითადად მოიცავს ძვ. ადმ.-ტერ. ერთეულებს: თისელის ხევს, სლესის ხევს, აბანოს ხევს, ურავლის ხევს, აგრეთვე ციხე-ქალაქებს – აწყურსა და ახალციხეს. XVI ს-ში სამხრ. საქართველო ოსმალეთმა დაიპყრო. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ (XVI ს.) მიხედვით, ძვ. ადმ.-ტერ. დარაიონების შესატყვისია ოსმალთა ხელისუფლების მიერ შექმნილი ახალციხის ლივის მზვარის, ჩრდილის, აწყურისა და ჭაჭარაქის ადმ. ერთეულები. რუსეთსა და ოსმალეთს შორის დადებული ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების (1829) თანახმად, ეს ტერიტ. რუს. იმპერიას გადაეცა. ტერიტორიულად იგი XIX ს. II ნახევარში შექმნილ ურავლისა და აწყურის საპოლიციო უბნებს ემთხვევა. 1930-მდე ახლანდ. ა. მ-ის ტერიტ. შედიოდა ახალციხის მაზრაში. 1930-იდან გამოიყო ცალკე რ-ნად.
ბუნება. ა. მ. მდებარეობს ახალციხის ქვაბულში. უჭირავს მტკვრის ხეობა სოფ. მუსხიდან აწყურამდე, ქვაბლიანის ხეობა, მესხეთის ქედის სამხრ. და ერუშეთის ქედის ჩრდ. კალთები. ტერიტ. დიდი ნაწილი აგებულია ოლიგოცენური ასაკის ქვიშაქვებითა და თიხებით. ერუშეთის ქედის აგებულებაში მონაწილეობს ეოცენური ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ანდეზიტები. მესამეული ვულკანოგენური წყებებითაა (ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ტუფ-ქვიშაქვები, ქვიშაქვები) აგებული მესხეთის ქედის ის მონაკვეთი, რ-იც ა. მ-ში შემოდის. რელიეფი ნაირგვარია: გვხვდება ვაკე-ტერასები, მერიდიანული ხეობები, მცირე ქვაბულები, გორაკ-ბორცვები და ვულკ. მთები, რ-ებიც განლაგებულია 950 მ-იდან (სოფ. აწყურთან) 2960 მ-მდე (ერუშეთის ქედზე). ა. მ-ის ჩრდ. ნაწილში, მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, ეროზიული მთა-ხეობის, ხოლო სამხრ. ნაწილში, ერუშეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, საშ. მთიანი სუსტად დანაწევრებული რელიეფია. წიაღისეული სიმდიდრიდან აღსანიშნავია დიატომიტი, აქატი, თაბაშირი, საშენი მასალა, მურა ნახშირი (საბადოს ექსპლუატაცია ამჟამად შეწყვეტილია), მინერ. თერმული წყლები (ქ. ახალციხე, სოფლები: ურაველი, წყალთბილა, გურკელი). მუნიციპ-ის უმეტეს ნაწილში მთის სტეპის ჰავაა, ზამთარი იცის ცივი, მცირეთოვლიანი, ზაფხული – ხანგრძლივი და თბილი. ახალციხის ქვაბულის ძირზე იანვ. საშ. ტემპ-რა –3,8ºC, აგვ. 20,5ºC; აბსოლ. მინ –32ºC, აბსოლ. მაქს. 39ºC. უფრო მაღალ ზონაში, მესხეთის ქედზე, ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურზე გარდამავალი ჰავაა. ერუშეთის ქედის თხემურ ზოლში მთიანეთის სტეპის ჰავაა. ზაფხული იცის მოკლე, ზამთარი – ცივი. ნალექები დაბალ ზონაში 520 მმ არ აღემატება წელიწადში, მოსაზღვრე ქედების კალთებზე კი 1200 მმ აღწევს. ნალექების მაქს. მოდის მაის-ივნისში (64 – 86 მმ), მინ. – იანვ.-თებ-ში (20 – 25 მმ).
მთავარი მდინარეა მტკვარი (სიგრძე მუნიციპ-ის ფარგლებში 40 კმ) და მისი შენაკადები ქვაბლიანი (ფოცხოვისწყლით) და ურაველი; პატარა მდ-ებია წინუბნისწყალი და ჭვინათღელე. მდ-ები გაზაფხულზე წყალუხვია, შემოდგომიდან მათი დონე კლებულობს და ზამთარში მინიმუმამდე დადის. თავსხმა წვიმების დროს იცის პერიოდული ნაკადულების ღვარცოფული მოვარდნა. მდ-ებს იყენებენ სარწყავად.
ა. მ-ში ნიადაგის სამი ძირითადი ზონაა: გარდამავალი ტყესტეპის, მთის ტყისა და მთის მდელოსი. დაბალ ნაწილში მდელოს ყავისფერი და ალუვიური მდელოს კარბონატული ნიადაგებია, მესხეთისა და ერუშეთის ქედების მთისწინეთზე – ტყის ყავისფერი და რუხ-ყავისფერი, მესხეთისა და ერუშეთის ქედების ტყიან კლათებზე ტყის ყომრალი ნიადაგია, რ-საც უფრო მაღლა მთის მდელოს კორდიანი ნიადაგი ცვლის, ჭალის ზედა ტერასებზე ალუვიური ნიადაგია.
მუნიციპ-ის ცენტრ. ნაწილში გაბატონებულია კლდის ქსეროფიტული ბუჩქები და ნახევარბუჩქნარები (ღვია, გლერძა, ზღარბა, შავჯაგა), აგრეთვე ქსეროფიტული მრავალწლოვანი ბალახეულობა. დიდი ფართობი უჭირავს სტეპის წივანიან და ვაციწვერიან დაჯგუფებებს. სამხრ. და ჩრდ. ნაწილში მთის ტყის ქვედა ზონა მუხნარ-რცხილნარს უჭირავს. მესხეთის ქედის ტყის ზედა ზონაში გავრცელებულია ნაძვნარ-სოჭნარი, ხოლო ერუშეთის ქედის ამავე ზონაში – მთის ფიჭვნარი. ქედების თხემურ ზოლში სუბალპ. და ალპ. მდელოებია.
ა. მ-ში აქა-იქ გვხვდება ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, წავი, ჭრელტყავა, ფოცხვერი, გარეული კატა. მრავალგანაა მურა დათვი, მგელი, ამიერკავკასიის მთის მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, კურდღელი, თელეუთური ციყვი (აკლიმატიზებულია), წყლის მემინდვრია, ტყის თაგვი. ბევრია გარეული მტრედი, ქედანი, გვრიტი, ყვავი, კაჭკაჭი, შოშია, მწყერი. მაღალ მთებში ბინადრობს კავკასიური როჭო, იშვიათია კაკაბი. ზოგან გვხვდება ჯოჯო, მრავალგანაა ხვლიკი, გველხოკერა, ანკარა, გომბეშო, ვასაკა, ტყის ბაყაყი. მდ-ებში არის კალმახი, ლურჯა, წვერა, მურწა, ტობი, ხრამული და სხვ.
ძირითადი ლანდშაფტები: 1. ჭალები ძირითადად ტუგაის მცენარეულობით და ალუვიური ნიადაგით; 2. ქვაბულის ტერასული ძირი მთის სტეპური და ფრიგანოიდული მცენარეულობითა და რუხ-ყავისფერი ნიადაგით; 3. დაბალ და საშუალმთის ტყის ლანდშაფტი რცხილნარ-მუხნარით, წიფლნარ-მუქწიწვოვნებითა და ფიჭვნარით ტყის ყავისფერ, ტიპურ და გაეწრებულ ყომრალ ნიადაგებზე; 4. სუბალპ. მდელოები მთა-მდელოს ნიადაგებით.
მოსახლეობის უმეტესობა ქართველები და სომხები არიან (სომხები ჩამოსახლდნენ XIX ს-ში და XX ს. დამდეგს); ცხოვრობენ აგრეთვე რუსები და სხვ. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 900 – 1400 მ ფარგლებშია. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვეა 21,0 კაცი კმ²-ზე (2014). ბუნებრივი მატება ყოველ 1000 კაცზე – 9,4 კაცი. მუნიციპ-ის მთელი მოსახლ. 56,5% ცხოვრობს ქალაქში.
მეურნეობა. მუნიციპ-ში არის ხე-ტყის დასამუშ., ელექტროძრავების, თხევადი აირის ჩამომსხმელი, რკინაბეტონის კონსტრუქციების, ნახშირმჟავის ქ-ნები, ფერადი ქვების დასამუშ. საწარმო, საკონსერვო, ღვინის, ლიმონათის ქ-ნები, ხორცკომბინატი, პურკომბინატი, ყველ-კარაქის ქ-ნა.
სოფ. მეურნ. ძირითადი დარგებია მეცხოველეობა, მეხილეობა და მეკარტოფილეობა. მუნიციპ-ის მთელი ფართობის დაახლ. 50% უჭირავს სას.-სამ სავარგულს. ა. მ. ხილის (ვაშლი, მსხალი) ადგილ. ჯიშებით მდიდარი მხარეა. მესხური ვაშლის ჯიშმა – აბილაურმა 1912 პარიზის გამოფენაზე ოქროს მედალი მოიპოვა. მუნიციპ-ში ხეხილის ბაღები გაშენებულია 1400 – 1500 მ სიმაღლემდე. მარცვლეული კულტურებიდან მოჰყავთ საშემოდგომო ხორბალი, საგაზაფხულო ქერი, სიმინდი. სოფ. მეურნ. ერთ-ერთი წამყვანი დარგია მეკარტოფილეობა. მებოსტნეობა დამხმარე დარგია და მას უმეტესად სარწყავ ზონაში მისდევენ. ძველთაგანვე განვითარებულია მეცხოველეობა, განსაკუთრებით მესაქონლეობა და მეცხვარეობა.
ა. მ. თბილისს უკავშირდება რკინიგზითა და საავტ. გზით. საავტ. გზები მიემართება აგრეთვე ერევნისაკენ (ასპინძაზე, ახალქალაქზე, ნინოწმინდაზე გავლით), ბათუმისკენ (გოდერძის უღელტეხილით), ქუთაისისაკენ (ზეკარის უღელტეხილით).
კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. ა. მ-ში არის საჯარო, სამუსიკო, სპორტ. სკოლები, სამედ., სას.-სამ. და სასულიერო სასწავლებლები, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწ. უნ-ტის ფილიალი, ახალციხის დამოუკიდებელი უნ-ტი, სამცხე-ჯავახეთის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. მუზეუმი, მესხეთის დრამ. და თოჯინების სახელმწ. თეატრები.
მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება სს „ევექსის ჰოსპიტლები“ და შპს „ახალციხის კლინიკა იმედი“.
ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. მუნიციპალიტეტის ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია: აგარის, საფარის სამონასტრო კომპლექსები, ვალეს ტაძარი, აწყურის ტაძარი, აწყურის ციხე, ბიეთის, ელიაწმიდის (შუა საუკ.) ეკლესიები, თისლის მონასტრის ეკლესია (XIV – XV სს.) და ციხე (შუა საუკ.), საყუნეთის, ოხერის, მუსხისა და ღრელის (შუა საუკ.) ეკლესიები, წნისის ციხე და ეკლესია (XIII ს.), ხეოთის სამრეკლო; აწყურის მიდამოებშია სლესის ციხე, წრიოხის ციხე და ეკლესია, ჯაყისმანის ტაძარი (შუა საუკ.), წყორძის მიდამოებში – გამოქვაბული კომპლექსი ბაიები (განვითარებული შუა საუკ.), ქალაქში შემონახულია ისტ. რ-ნი რაბათი.
ლიტ.: ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრება. XIII–XVI საუკუნეები, თბ., 1955; მისივე, სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970.
გ. კაპანაძე
დ. ბერძენიშვილი