ახალციხის მურა ნახშირის საბადო, მდებარეობს ახალციხის, ნაწილობრივ ადიგენის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ახალციხის ქვაბულში.
სამრეწვ. ნახშირიანობა დაკავშირებულია წარბასთუმან–ვალის სინკლინთან. ზედაოლიგოცენური ნახშირიანი წყება განლაგებულია ქვედა და შუაოლიგოცენურ თიხებსა და ქვიშაქვებს (სისქე 600 – 750 მ) და ზედაოლიგოცენურ ფერად წყებას (თიხები და თიხიანი ქვიშაქვები, სისქე 450 – 500 მ) შორის. ნახშირიან წყებაში გამოიყოფა: ქვედა წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვები (20–40 მ), პროდუქტიული თიხიანი წყება (50 – 150 მ) და ზედა ქვიშაქვები (30 – 50 მ). საბადოზე დადგენილია 5 ნახშირიანი ფენა (ჰორიზონტი): 3 – საკუთრივ პროდუქტიულ წყებაში და 2 – ფერად წყებაში. მთავარი სამრეწვ. მნიშვნელობა აქვს პროდუქტიული წყების ზედაფენას. გენეტიკურად ნახშირი განეკუთვნება ჰუმუსურ ტიპს. სიმკვრივე – დაახლ.1,5 ტ/მ³, ტენიანობა – 21%, ნაცრიანობა – 12 – 45%, ქროლადების შემცველობა - 48%, გოგირდისა – 2,5%, თბოუნარიანობა – 3800 – 4000 კკალ/კგ.
საბადოს რ-ნის გეოლ. შესწავლა XIX ს. შუა წლებში დაიწყო, ხოლო გეოლ.-საძიებო სამუშაოები საბადოზე – 1931. იმავე წელს ადგილ. მრწველობამ დაიწყო საბადოს დამუშავება. 1941 შეუდგნენ კაპიტ. შახტების მშენებლობას, ხოლო 1945 – საბადოს ექსპლუატაციას. ამჟამად ნახშირის მოპოვების არარენტაბელურობის გამო, რაც განპირობებულია მოპოვების რთული სამთო-გეოლ. პირობებით და ნახშირის დაბალი ხარისხით, საბადოს ექსპლუატაცია შეწყვეტილია.
კ. გოცირიძე