ახალციხის ნამარხი ფლორა, ეოცენური ასაკის ფლორა, ქ. ახალციხის მიდამოებში, მდ. მტკვრის შენაკადების – მლაშეხევისა და ურავლის აუზებში, აგრეთვე სოფლების – მინაძისა და ღრელის მახლობლად.
აქ გაშიშვლებულია სქელშრეებრივი ბრექჩიების წყება; მათში ლინზების სახით განლაგებულია წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვები მრავალრიცხოვანი ფოთლის ანაბეჭდითა და მცენარეული დეტრიტით. ფლორის ასაკი დადგენილია მოლუსკებისა და ნუმულიტების მიხედვით და განისაზღვრება როგორც ზედა ეოცენური, თუმცა შესაძლებელია, წყების ქვედა ნაწილი შუა ეოცენური იყოს. საქართველოში ა. ნ. ფ. დღეისათვის ერთადერთი ეოცენური ასაკის ფლორაა და ყველაზე ძველია არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ კავკ. კაინოზურ ფლორებს შორის.
ა. ნ. ფ-ში განსაზღვრულია 40-ზე მეტი ფორმა. მცირე რაოდენობითაა სპოროვნებისა და წიწვოვნების ანაბეჭდები. ფლორის ძირითად მასას შეადგენს ორლებნიანი მცენარეები, რ-თა შორის უმრავლესობა სუბტროპიკულია. ეკოლ. ტიპის მიხედვით ა. ნ. ფ. მიეკუთვნება ე. წ. „პოლტავურ“ ფლორებს, რ-ებიც დამახასიათებელი იყო ძვ. ხმელთაშუა ზღვის პალეოფლორისტიკული ოლქისათვის პალეოცენსა და ეოცენში.
ახალციხის ეოცენური ფლორა შედგება, ერთი მხრივ, პალეოცენური და უფრო იშვიათად ზედა ცარცულიდან გადმოსული ელემენტებისაგან, ხოლო, მეორე მხრივ, მცენარეებისაგან, რ-ებიც გადადიან და ვითარდებიან შემდგომ ოლიგოცენურ და მიოცენურ ფლორებში.
ი. რამიშვილი