ახალციხის (ჩილდირის) საფაშო, ოსმალეთის ადმ.-პოლიტ. ერთეული მის მიერ დაპყრობილ სამხრ. საქართველოს ტერიტორიაზე.
ა. ს. მდებარეობდა ყოფილ სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე. ჩრდ-ით მას ესაზღვრებოდა იმერეთი, ჩრდ.-აღმ-ით – ქართლი, აღმ-ით – ყარსის სამხრ-ით – არზრუმის, დას-ით – ტრაპიზონის საფაშოები. ა. ს-ს ტერიტორია და საზღვრები დროთა განმავლობაში იცვლებოდა ირან-ოსმ. ომების შედეგად. ა. ს. დასახლებული იყო ქართველებით, რ-თა ნაწილი ოსმალთა ბატონობის დროს გამაჰმადიანდა. 1461, ტრაპიზონის სამეფოს დაპყრობის შემდეგ, ოსმალეთი შეუდგა სამხრ.-დას. საქართველოს დაპყრობას. XVI ს. 30– 50-იან წლებში სამცხე-საათაბაგოს დაპყრობილ ტერიტორიაზე ოსმალებმა დაიწყეს თავისი წესების დანერგვა და სანჯაყების დაარსება. 1578 ოსმალეთმა აღმ. სამცხე-საათაბაგოც დაიპყრო და აქაც სანჯაყები დააარსა. 1579 სულთნის ბრძანებით სამცხე-საათაბაგოში სხვადასხვა დროს დაპყრობილი ტერიტორია გააერთიანეს და აქ ჩამოაყალიბეს ერთი უმაღლესი ადმ. სამმართველო ერთეული – ა. ს. ყვარყვარე IV ათაბაგი და მისი ძმა მანუჩარ II მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ სულთნის პოლიტიკას, მაგრამ უშედეგოდ. მანუჩარი იძულებული შეიქნა გამაჰმადიანებულიყო, მას მუსტაფა ეწოდა და სულთანმა იგი ახალციხის ფაშად დანიშნა. ამის შემდეგ დამპყრობლებმა დაიწყეს ამ მხარის გაოსმალება. მანუჩარმა საიდუმლო კავშირი დაამყარა ოსმალეთის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებთან, კერძოდ, ქართლის მეფე სიმონ I-თან და დახმარებას უწევდა მას. 1582 მანუჩარის მეთაურობით სამცხეში დიდი აჯანყება დაიწყო. ქართველებმა გაათავისუფლეს ახალციხე და მისი სანახები. ოსმალებმა აჯანყების ჩასაქრობად ლაშქარი გაგზავნეს, მაგრამ ამაოდ. მანუჩარმა უარყო მაჰმადიანობა და სამცხის ათაბაგი გახდა. მან ცოლად შეირთო სიმონ I-ის ქალიშვილი ელენე. ეს კი ქართლსა და სამცხეს შორის ოსმალეთის წინააღმდეგ პოლიტ. კავშირსაც მოასწავებდა.
1587 ოსმალებმა დიდი ბრძოლების შედეგად შეძლეს სამცხეში აჯანყების ჩაქრობა და ახალციხის ხელმეორედ დაპყრობა. მანუჩარ II ათაბაგი იძულებული შეიქნა სამცხე დაეტოვებინა.
1595 ქვეყნის შემდგომი გაოსმალების მიზნით, სულთნის ბრძანებით ოსმალო მოხელეებმა სამცხე აღწერეს და „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ შეადგინეს.
1603–12 ირან-ოსმ. ომის დროს მანუჩარ II ათაბაგი და მისი მომხრე მესხი ფეოდალები ცდილობდნენ ქართლისა და ირანის დახმარებით სამცხიდან ოსმალების განდევნას. 1607 სპარსელებმა ქართველების აქტ. დახმარებით ახალციხე გაათავისუფლეს. შაჰ-აბას I-მა ახალციხის გამგებლად მანუჩარ II-ის შვილი 15 წლის მანუჩარი (იხ. მანუჩარ III) დანიშნა. მაგრამ 1608 ოსმალებმა კვლავ დაიპყრეს ახალციხე. 1612 ზავით ახალციხე ოსმალეთს დარჩა.
XVII ს. 20-იან წლებში სამცხის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, ოსმალებმა მანუჩარ III ათაბაგს დაუპირისპირეს გამაჰმადიანებული მესხი ფეოდალები და განხეთქილება და მტრობა ჩამოაგდეს საკუთრივ ათაბაგის სახლის წევრებს შორის. 1625 მანუჩარ III ათაბაგი მისმა ბიძამ ბექა III-მ (საფარ-ფაშამ) მოაკვლევინა და სულთანს ახალციხის გამგებლობა სთხოვა. 1628 სულთანმა საფარ-ფაშა ახალციხის ბეგლარბეგად დანიშნა. ამით ოსმალეთმა ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად მოსპო სამცხეში ათაბაგის სახით შემორჩენილი ადგილ. ხელისუფლება. ქართველი ხალხის ბრძოლა სამცხიდან ოსმალების განდევნისათვის მარცხით დამთავრდა. ამის შემდეგ სამცხე-საათაბაგოს ქართულმა ფეოდალურმა სამთავრომ შეწყვიტა პოლიტ. არსებობა, ათაბაგის ადგილი სულთნის მოხელემ – ფაშამ – დაიკავა. ა. ს-ს პოლიტ. ორგანიზაცია ოსმ. საფუძველზე იყო მოწყობილი, მისი მართვა-გამგებლობა და ადმ. დაყოფა ოსმ. წესის მიხედვით წარმოებდა. მიუხედავად ამისა, იგი ინარჩუნებდა მთელ რიგ თავისებურებებს, რითაც განსხვავდებოდა ოსმ. იმპერიის სხვა პროვინციებისაგან. ა. ს-ს ჩვეულებრივი მოხელე კი არ განაგებდა, არამედ ათაბაგთა (ჯაყელების) საგვარეულოს გამაჰმადიანებული წარმომადგენელი. ფაშობის თანამდებობა აქ ძველებურად მემკვიდრეობით გადადიოდა. ეს უფლება მათ XVIII ს. II ნახევრამდე შეინარჩუნეს. ა. ს-ს ორი ან სამთუღიანი ფაშა (ბეგლარბეგი) მართავდა. იგი განაგებდა საფაშოს სამოქალაქო და სამხ. საქმეებს, რისთვისაც ფაშას თავ-რეობით იკრიბებოდა დივანი (მას „ფაშა-დივანს“უწოდებდნენ). საფაშო სანჯაყებად იყოფოდა. სანჯაყს (ლივა) სანჯაყ-ბეგი მართავდა. XVII ს-ში ა. ს. 13 სანჯაყად იყო დაყოფილი (ოლთისი, ხერთვისი, არტანუჯი, დიდი არტაანი, ჭაჭრაქი, ფოცხოვი, მაჭახელი, აჭარა, ფანაკი, ფერთექრექი, ლივანა, ქვემო ლივანა და შავშეთი). სანჯაყთა რაოდენობა ყოველთვის ერთნაირი არ იყო და დროთა განმავლობაში იცვლებოდა. XVIII ს. II ნახევარში ა. ს. 20 სანჯაყისაგან შედგებოდა. ა. ს. მთლიანად არ მოიცავდა სამცხე-საათაბაგოს ყოფილ ტერიტორიას, მისი ნაწილი (სპერი, თორთუმი, პატარა არტაანი, ნამერავანი) ოსმალებმა სხვა საფაშოებს შეუერთეს. საფარ-ფაშას დროს ოსმალებმა ხელახლა აღწერეს ა. ს. და ახ. ძალით შეუდგნენ ქვეყნის გაოსმალებას. აქ დაინერგა ოსმ. მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის წესები, მისი საგადასახადო სისტემა, მაგრამ ოსმალებმა მაინც ვერ შეძლეს ქართ. წესების მთლიანად გაუქმება. ა. ს-ს ოთხი სანჯაყი (ფერთექრელი, ლივანა, ქვემო ლივანა და შავშეთი) ბოძებული იყო „იურთლუქისა“ და „ოჯაქლიქის“ წესით, კერძო საკუთრებაში, რ-თა გამგებლები – გამაჰმადიანებული ქართველი ბეგები – მემკვიდრეობით ფლობდნენ მათ. ეს სანჯაყები არ იყო გაერთიანებული „დავთარში“, არ ექვემდებარებოდნენ ოსმ. საგადასახადო სისტემას, მათი შემოსავალი ბეგებს ეკუთვნოდათ, ხოლო თვით სანჯაყ-ბეგი სარგებლობდა ადმ. დამოუკიდებლობითა და მართლმსაჯულების უფლებით. საფაშოში იყო აგრეთვე „ოფაქლიქისა“ და „იურთლუქის“ მამულებიც, რ-თა მფლობელებიც დაახლ. მსგავსი უფლებებით სარგებლობდნენ.
ქართველმა ფეოდალებმა, რ-ებიც გამაჰმადიანდნენ და ოსმალთა სამსახურში ჩადგნენ, ნაწილობრივ შეინარჩუნეს თავიანთი მიწები და პრივილეგიები. მაგალითად, ჯერ კიდევ XIX ს. 30-იან წლებამდე შავშეთის მხარეში ცხოვრობდნენ გამაჰმადიანებული ქართველი აზნაურები.
ა. ს. ფეოდალთა საკარგავების (ხასების, ზიამეთებისა და თიმარების) ყოველწლიური შემოსავალი 13 – 14 მლნ. ახჩას შეადგენდა. აქ გაბატონებული იყო მსხვილი ფეოდ. მიწათმფლობელობა, მსხვილი ფეოდალები ფეოდალთა კლასის 12,7%-ს შეადგენდნენ, ხოლო მათი წლიური შემოსავალი ფეოდალთა მთელი შემოსავლის 66,4%-ს შეადგენდა. ყველაზე დიდი ფეოდალი იყო ახალციხის ფაშა. რ-ის შემოსავალი დაახლ. ერთ მილიონ (900110) ახჩას შეადგენდა, ხოლო ყველაზე მცირე ფეოდალისა – 200 ახჩას. იყვნენ ისეთი ფეოდალებიც, რ-თა შემოსავალი ნახევარ მილიონ ახჩას შეადგენდა და სხვ.
ა. ს-ში საკმაოდ განვითარებული იყო სოფ. მეურნეობა. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მარცვლეულის წარმოებას. აქ ყოველწლიურად მოჰყავდათ დაახლ. 75 მლნ. კგ მარცვლეული. აქედან 36 მლნ. კგ ხორბალი, 34 მლნ. კგ ქერი, 1,5 მლნ. კგ ფეტვი, 2 მლნ. კგ ჭვავი, საშუალოდ გლეხს (კომლს) წელიწადში 6 ტ მარცვლეული მოჰყავდა, ხოლო ერთ ჰექტარზე 10 – 12 ც, საუკეთესო მიწებზე კი – 20 – 25 ც. გავრცელებული იყო პარკოსანი კულტურები (მუხუდო, ოსპი, ცერცვი და სხვ.), დიდი ყურადღება ექცეოდა სელის წარმოებას.
მარცვლეულის დასაფქვავად დიდი რაოდენობით იყო მოწყობილი წყლის წისქვილები, ხოლო სელიდან ზეთის მისაღებად – ზეთსახდელი ქ-ნები.
განვითარებული იყო მესაქონლეობა. დიდი რაოდენობით ჰყავდათ მსხვ. რქ. საქონელი 100 – 120 ათ., ცხვარი 300 ათ-მდე, ღორი 80 ათ-მდე.
დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი მეფუტკრეობას. 711 სოფლიდან მეფუტკრეობას მისდევდა 702 სოფელი და საშუალოდ ერთ კომლს 3 – 4 სკა ჰქონდა, სულ 45788 სკა იყო.
ყურადღება ექცეოდა მევენახეობა-მეხილეობას. მევენახეობა-მეღვინეობას მისდევდა 156 სოფელი, ხოლო მეხილეობას – 132. ხილიდან გავრცელებული იყო ვაშლი, მსხალი, ბალი, ატამი, ბროწეული, ლეღვი, კომში და სხვ. დიდი რაოდენობით იყო კაკალი. მევენახეობა-მეღვინეობით განთქმული იყო ხერთვისის რ-ნი, ხოლო მეხილეობით – აწყურის რ-ნი.
დიდი ყურადღება ექცეოდა მებოსტნეობა-მებაღეობას. 711 სოფლიდან 690 სოფელი მებოსტნეობას მისდევდა.
ოსმალთა ბატონობის შედეგად სოფ. მეურნეობა აქ თანდანთანობით დაცემა-დაქვეითების გზას დაადგა.
ა. ს-ში ოსმალებმა ძალდატანებით დაიწყეს ისლამის გავრცელება. ყველაზე თავგამოდებით ოსმალო დამპყრობელთაგან თავს გლეხობა იცავდა. სწორედ გლეხობა ინარჩუნებდა აქ საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ სარწმუნოებას. გლეხობა მტკიცედ ინახავდა მშობლიურ ენას, ზნე-ჩვეულებებს, ეროვნ. ტრადიციებს. ქართვ. ფეოდალების გარკვეული ნაწილი რენეგატობის გზას დაადგა, მაჰმადიანური სარწმუნოების მიღებასთან ერთად ვრცელდებოდა თურქ. ენა. სამაგიეროდ იდევნებოდა მშობლიური ენა, ქართული წიგნები, ნადგურდებოდა კულტ. ძეგლები. ა. ს. ოსმალეთისათვის ხელსაყრელი პლაცდარმი იყო, ერთი მხრით, დას. საქართველოს სამეთვალყურეოდ და ქართლ-კახეთის წინააღმდეგ, ხოლო, მეორე მხრით, კავკასიის მთიელ აბრაგებთან დასაკავშირებლად. ა. ს. ტყვეთა სყიდვისა და მთიელი აბრაგების საბუდარი იყო, საიდანაც ორი საუკუნის მანძილზე ახალციხის ფაშების ხელშეწყობით ავაზაკთა ბრბოები გამუდმებით თავს ესხმოდნენ, ძარცვავდნენ, ავიწროებდნენ, იტაცებდნენ და არბევდნენ დას. და აღმ. საქართველოს მოსახლეობას.
ქართვ. ხალხის ბრძოლა ა. ს-ს განთავისუფლებისათვის არასოდეს შეწყვეტილა. მაგრამ საქართველოს საკუთარი ძალებით ოსმალთაგან ამ მხარის შემოერთების ცდამ ნაყოფი ვერ გამოიღო. მხოლოდ საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ დაიწყო ბრძოლა ა. ს-ს განთავისუფლებისათვის.
რუს.-თურქ. (1828 – 29) ომის შედეგად, ქართველების აქტ. მონაწილეობით, ახალციხე და მისი სანახები განთავისუფლდა ოსმალთა ბატონობისაგან. XIX ს. შუა წლებში ა. ს. გაუქმდა, ხოლო ოსმალთა მფლობელობაში დარჩენილი ტერიტორიები ოსმალეთის სხვადასხვა პროვინციას შეუერთდა.
წყარო: გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, ს. ჯიქიას გამოც., წგ. 1 – 3, თბ., 1941 – 58; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი. 1694 – 1732 წწ., ც. აბულაძის და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979.
ლიტ.: სვანიძე მ., ჩილდირის (ახალციხის) საფაშოს დაარსების ისტორიიდან, «მაცნე», 1964, № 3; მისივე, ახალციხის ლივას „კანუნ-ნამეები“, კრ.: მახლობელი აღმოსავლეთის სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის ნარკვევები, თბ., 1968; მისივე, მიწათმფლობელობის ისტორიიდან ახალციხის საფაშოში. იურთლუკები და ოჯაკლიკები, კრ.: ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან, თბ., 1976, მისივე, გლეხთა მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის წესები ახალციხის საფაშოში ოსმალური კანუნ-ნამეების მიხედვით, ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ., 1976, მისივე, «Джаба дефтер» как источник по феодальному землевладению в Ахалцихском (Чилдырском) пашалыке в 1694 – 1732 гг., კრ.: Источниковедение и текстология средневекового Ближнего и Среднего Востока, М., 1984; მისივე, «Пространный реестр вилайета Гюрджистан» как источник для изучения сельского хозяйства Юго-Заподной Грузии (Самцхе-Саатабаго), კრ.: წყაროთმცოდნეობის ძიებანი – 1979, თბ., 1984.
მ. სვანიძე