ატამი (Persica), ხეხილოვანი მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ა-ის სამშობლოა ჩინეთი. გვარში 6 სახეობაა. მათგან ყველაზე გავრცელებულია ჩვეულებრივი ა., რ-ისგანაც გამოყვანილია 5 ათ-მდე ჯიში. სხვა სახეობებს იყენებენ კულტ. ჯიშების საძირეებად და დეკორ. მებაღეობაში. ა-ის ხე ან ბუჩქი იზრდება 7 – 8 მ-მდე. ფოთოლი ლანცეტისებრია, ყვავილი ‒ ორსქესიანი. ნაყოფი (ჯიშების მიხედვით) სხვადასხვა ზომისა და მასისაა (50 – 250 გ), ფორმითაც განსხვავებულია (მრგვალი, ოვალური, ბრტყელი), სახრავი ან საპობია, კანი მომწვანო, თეთრი, ყვითელი ან მოწითალოა, შებუსული ან გლუვი (ვაშლატამა). რბილობი თეთრი ან ყვითელია, შეიცავს (%-ობით) 7 – 16 შაქარს, 0,08 – 1, 02 მჟავებს, პექტინოვან ნივთიერებას, ვიტამინებსა და სხვ. ნაყოფი (ჯიშების მიხედვით) ივნ-იდან ოქტ. შუა რიცხვებამდე მწიფდება. მსხმოიარობს დარგვიდან მეორე წელს, ცოცხლობს 15 – 18 წელს, ცალკეული ხეები 30 – 40 წლამდეც. გავრცელების არეალი ჩ. გ. 500 და ს. გ. 400 აღწევს. საქართველოში ა-ის ნარგავთა ფართობი შეადგენს 3403 ჰა (1987). დარაიონებული 13 ჯიშიდან 8 (ერისთავის ვარდისფერი, გუდაუთის საკონსერვო, ბერების, ბესტავაშვილი, კახური თეთრი, ხიდისთაური თეთრი, ვარდისფერი, ყვითელი) ადგილ. წარმოშობისაა. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად (მყნობით). საძირედ იყენებენ ა-ის, ტყემლისა და ნუშის ნათესარს. ა-გან მზადდება ჩირი, მურაბა, ჯემი, წვენი, კომპოტი, მარმელადი. ა-ს ყველაზე მეტად აზიანებს ა-ის ფოთლის სიხუჭუჭე, ნაცარი, წერნაგი; მავნებლებიდან ‒ ა-ის მწვანე ბუგრი, ა-ის ჩრჩილი, აღმოსავლური ნაყოფჭამია.
ვ. კვალიაშვილი